ამერიკული დელეგაცია, არმიის მდივნის დენიელ დრისკოლისა და სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის რენდი ჯორჯის შემადგენლობით, უკრაინაში ჩავიდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ოფიციალურ პირებთან, სამხედროებთან და სამრეწველო სფეროების წარმომადგენლებთან შესახვედრად, წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ დრისკოლი შეხვედრას გამართავს რუსულ მხარესთან. მანამდე Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ ფარულ კონსულტაციებს მართავს რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ახალი გეგმის შემუშავების თაობაზე. რუსეთის მაღალჩინოსანმა გამოცემას ოპტიმისტური განწყობა დაუდასტურა.
წყაროების ცნობით, პროექტი „შთაგონებულია“ ტრამპის მიდგომით ღაზასთან დაკავშირებული გარიგების მიმართ. 28-პუნქტიანი გეგმა დაყოფილია ოთხ კატეგორიად: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოება ევროპაში და აშშ-ის მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან. პროექტზე მუშაობას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი ხელმძღვანელობს.
მოსალოდნელი იყო, რომ უიტკოფი ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, თურქეთში შეხვდებოდა. თუმცა, მოლაპარაკებები გაუქმდა – როგორც The Economist-ის კორესპონდენტმა, ოლივერ ქეროლმა განაცხადა, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, ერმაკის თქმით, კიევი უიტკოფთან „მუდმივ კონტაქტშია“.











