კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არაფორმალური გავლენებით მართული ევროპული ბიუროკრატია ამას ვერ ეღირსება.
„ვერ ეღირსება ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, საქართველოში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სამშობლოს ღალატის შესახებ ნორმების ამოღების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე შევიდა და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ გააზრებული ჰქონდათ ღალატი.
„იმდენად ხელისგულზე იდო ყველაფერი, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში და არამხოლოდ. ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები აფხაზეთში, როდესაც ზემო აფხაზეთი უწოდეს კოდორის ხეობას, როდესაც იქ შეიყვანეს კონკრეტული შენაერთები, რაც დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. მარტივი გასათვლელი იყო, სადამდე მივიდოდა ეს პროცესები. კიდევ უფრო მძიმედ ვითარდებოდა პროცესები ცხინვალის რეგიონში. ეს იყო გამოცხადებული ღალატის ქრონიკა. ისინი ჩადიოდნენ ამას მიზანმიმართულად, ღალატით. აქ ჩანდა, რომ იყო გარე ძალების კარნახი. სააკაშვილის ხელისუფლება გარედან მოიყვანეს, გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, არჩევნებისგან დამოუკიდებლად. ნაბიჯს არ დგამდა სააკაშვილი გარე კარნახის გარეშე. შესაბამისად, დღესავით ნათელია ის, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით. ცნობილი ამბავია სამშობლოს ღალატის შესახებ ნორმების ამოღების თაობაზე. ეს ცვლილება დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათ გააზრებული ჰქონდათ ღალატი. იმიტომ, რომ თავად ეშინოდათ სასჯელის, იმის გამო, რაც ჩაიდინეს. ამ სამშობლოს ღალატის ნაწილი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაც“, – განაცხადა პრემიერმა.











