უკრაინას კონკრეტულ მომენტებში ძალიან მძიმე გამოწვევები აქვს, მათ შორის ზამთრის პირობებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ დამარცხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევს.
„ძალიან სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა. ეს ყველაზე წითელი ხაზია ჩემთვის და არასოდეს წარმომიდგენია თავი იმ მდგომარეობაში, რომ მიხაროდეს ჩემი ქვეყნის მტრის, ოკუპანტის, რაიმე ტიპის სასარგებლო და თავისუფლებისთვის მებრძოლი ერისთვის ნეგატიური ინფორმაცია. ესაა მთავარი უბედურება რაც ამ ქვეყანას სჭირს.
ომი რთულია, თუმცა რუსეთი სტრატეგიულ მიზანს ვერ აღწევს. რუსეთის გამარჯვება იქნება მიზნების შესრულება, რაც არის დემილიტარიზაცია, მათ შორის კიევის აღება, უკრაინული სახელმწიფოებრიობის განადგურება, მაგრამ ამას ვერ აღწევს. არცერთი პოლიტიკური გამოცემა და ავტორიტეტული ექსპერტი არ თვლის, რომ რუსეთი მოგებულია, თუნდაც ამ მოცემულობაში. მას სხვა სტრატეგიული მიზნები ჰქონდა ომის დასაწყისში. რაც შეეხება უკრაინას, ახლა რთული მომენტია, თუმცა ომი იმ ძალასთან რომელიც აღიარებული იყო ერთ-ერთ წამყვან სამხედრო ძალად მსოფლიოში, რთულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი მიაღწევს თავის იმპერიულ ამბიციას და უკრაინაში მიაღწევს დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას ან უკრაინული სახელმწიფოებრიობა აღარ იქნება, ან უკრაინას ათქმევინებს უარს დასავლურ ინტეგრაციასა და სუვერენულ პოლიტიკაზე ძალიან ცდება. რუსები ამ ომში აუცილებლად დამარცხდებიან და მარცხდებიან კიდევაც. უკრაინას კონკრეტულ მომენტებში ძალიან მძიმე გამოწვევები აქვს, მათ შორის ახლა, ზამთრის პირობებში, რუსული აგრესიის პირობებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ დამარცხდება“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ სამუშაო ვერსიაა და დოკუმენტში ბევრი რამ შეიცვლება.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“, არის პუნქტები, რომლებიც უკრაინისთვის მიუღებელია, შესაბამისად ჩვენთვისაც მიუღებელია. სუვერენული ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის. მარკო რუბიომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, ეს არის „დრაფტი“ და არა საბოლოო ვერსია, ბევრი რამე შეიცვლება. არის პუნქტები, რომლებიც მიუღებელია რუსებისთვის და არის ისეთები , რომლებიც მიუღებელი იქნება უკრაინელებისთვის. საბოლოო ვერსია როცა იქნება, ამაზე უკვე შეგვიძლია შემდეგში გავაკეთოთ კომენტარი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.











