განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს, – განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განათლების რეფორმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განათლების ყველა დონეზე ზრუნვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების რეფორმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის მიმართ კრიტიკულ კომენტარებზეც.
„რაც უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო შიშვლდება ოპოზიციის რეალური სახე. ჩვენ ვხედავთ ქსენოფობიას და ისტერიას მათი მხრიდან მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული და ძლიერი სახელმწიფოები არიან დაინტერესებული, რომ მათ ქვეყნებში მსგავსი ინვესტიციები ხორციელდებოდეს. ამით საქართველომ არაერთ ქვეყანას გადაასწრო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის და შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ასეთი ინვესტიციები ხორციელდება, ეს არის დამატებითი ბუსტი იმისთვის, რომ სხვა საინვესტიციო მსხვილი ჯგუფებიც დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და ნიშნავს იმას, რომ სტაბილურობა და მშვიდობა გარანტირებული იქნება ქვეყანაში“,- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე ორი ძირითადი საკითხით წარდგება, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმას, 6,5-მილიარდიან უპრეცედენტო ინვესტიციას და „იგლ ჰილსთან“ ერთად განსახორციელებელ პროექტს შეეხება.











