მოსამართლევ, ეს ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ, – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან ისაუბრა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილება.
„გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაშიც არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ.
ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კაბურაში მედო დაუმუხტავი იარაღი. აღტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის საქციელით, პატარა ჩია კაცი იყო, ერთი ბოთლი ბენზინი მქონდა დასხმული, ვენაცვალე კაცობაში, ყოჩაღ, თავისი საქმე გააკეთა, მოვერიე კიდეც… მინდოდა თავი დამეღწია, ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით რომ მომეწება, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ! ჯერ კაცი ვარ, ქართველი და მერე ვარ ტერორისტი!
მე იქ მივედი უთენია, უზარმაზარი გზა გავიარე, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ჩემს ცოლ-შვილს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ვეღარ ვუძლებდი ამ უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით მანდატურები, მე თვითონ ვნახე ერთი პოლიციელი, როგორ სიამოვნებდა სისხლი რომ მდიოდა…
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. არასდროს შემიღწევია არავის შენობაში, ერთი საათი ვამტვრევდი შუშებს, დავიტანჯე, ერთი საათი დავაკვდი, ოპერატიულად რომ მემოქმედა, აუცილებლად მივაღწევდი მიზანს. ღობესთან ვიჯექი მიყუდებული, მშენებლობის ღობიდან გადავძვერი, ვფიქრობდი გადავიდე, არ გადავიდე-მეთქი, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ უნდა შემეშინდეს-მეთქი. შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, არ შევეგუები არასდროს, რაც ხდება.
ტანსაცმლის შიგნით მქონდა „დაუტენავი“ იარაღი, ვინმეზე თავდასხმა რომ მდომებოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა. მანდატურის მოგერიება მინდოდა, იარაღი იმ ჯაჯგურში ამომივარდა, მიუხედავად იმისა, რომ გასაკვირია, იმ მანდატურს პატივისცემას ვუდასტურებ, ნეტავ, ასე თავის საქმეს იცავდეს ყველა და არ აკეთებდნენ იმას, რასაც ვხედავთ დარბაზში. ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა [ტირილს ვერ იკავებს]… მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ. ირაკლი [კუპრაძე] ბოდიში, თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში. მაგრად მეამაყება… ერთი საათი მეკამათებოდა ის სადისტი პოლიციელი, ტონა ფული აიღე ხაზარაძისგანო. ჩვენ კაცურად და ვაჟკაცურად მივყვებოდით წელიწადნახევარი საქმეს. ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და კუპრაძემ იციან, არავისთვის მითხოვია ფული…
მოკლედ, ვინც გარეთ რჩებით, მიაწექით ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მას მოსამართლემ უთხრა, რომ შენიშვნას უფიქსირებდა.
„აფიქსირე რამდენიც გინდა“, – მიმართა მას ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











