საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროგრამის „e-Twinning‘‘ ეროვნული კონფერენციის – „საბაზისო და სასიცოცხლო უნარები განათლებაში“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სასწავლო პროცესში წიგნიერების, მათემატიკის, მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გივი მიქანაძის თქმით, ამ მიმართულებებით მოსწავლეებში კომპეტენციების გაუმჯობესება ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე ადაპტაციასა და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას უწყობს ხელს. მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითად მიმართულებებზე და ამ კუთხით სამუშაო პროცესში მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობაზე.
„განათლების სისტემაში ნებისმიერი რეფორმის წარმატებით განხორციელებას სათავეში უდგას პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი პროფესიული კომპეტენციებითა და რესურსებით.
საბაზისო უნარების განვითარებას განათლების სისტემა პრიორიტეტად მოიაზრებს არამხოლოდ ზოგადი, არამედ ადრეული და სკოლამდელი თუ პროფესიული განათლების საფეხურებზე, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები და ძალისხმევა განაპირობებს ქვეყნის სოციალურ თუ ეკონომიკურ კეთილდღეობას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროგრამის 150 აქტიურმა წევრმა მასწავლებელმა, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნებით e-Twinning-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისთვის.
კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრებისა და STEAM პროექტების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სასკოლო პროექტების ფარგლებში შექმნილი შემოქმედებითი და ინოვაციური პროდუქტები.
კონფერენცია ეფუძნებოდა „საბაზისო უნარების სამოქმედო გეგმას“, რომელიც 2025 წლის მარტში დამტკიცდა ევროკომისიის უნარების სტრატეგიის ფარგლებში. აღნიშნული გეგმის მიზანია სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება ხუთ ძირითად კომპეტენციაში: წიგნიერება, მათემატიკა, მეცნიერება, ციფრული უნარები და მოქალაქეობა.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი.











