შალვა პაპუაშვილი ზურაბ ცეცხლაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არ ყოფილა და დაშავებული სამართალდამცველები არ არსებობენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა.
„სამარცხვინოა, როდესაც ხაზარაძის კარის ტელევიზია ამართლებს ადამიანების დაწვას. რაც შეეხება ამ განცხადებას, რომ არაფერი არსებობს. იცით რატომ აკეთებს ამ განცხადებას ეს ადამიანი? პირველი – გასდის იმ ტელევიზიაში, სადაც ეს განცხადება გააკეთა. იცის, რომ ჟურნალისტი არ ამხელს ამ ტყუილს, იმიტომ რომ ეს შეთანხმებული ნარატივია, რომელიც უნდა გაატარონ და მეორე – მას აქვს უცხოეთიდან ზურგი. დაატარებენ ერთი საელჩოდან მეორეში და დიდის ამბით უნდათ, რომ გმირებად გამოიყვანონ. უნდათ რომ დანაშაული მოგვყიდონ, როგორც სათნო ქცევა ან საერთოდ დამალონ ეს ყველაფერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აქციების დროს რამდენიმე ადამიანი სწორედ „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების ბრალდებით იყო დაკავებული, ბრიუსელის მხრიდან კი ამ ფაქტების ერთი დაგმობაც არ ყოფილა. მან ასევე განაცხადა, რომ პირველმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ლაზარე გრიგორიადისმა გამოიყენა, რომელსაც მხარი ევროკავშირმა დაუჭირა.
„გრიგორიადისი გმირად აქციეს, ევროკავშირმა აფინანსა მისი გამოსახულებიანი ბანერები, რომ წაეხალისებინა საქართველოში მოლოტოვის კოქტეილი. ევროკავშირის დაფინანსებით წახალისდა „მოლოტოვის კოქტეილები“ და მთელი კამპანია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. დღემდე არ იკადრა ბრიუსელმა და მისმა ელჩმა, რომ ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას აფინანსებდა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.











