გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, გერმანია და ნიდერლანდები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფილი სესხით ამერიკული იარაღის შეძენის გამო საფრანგეთს უპირისპირდებიან.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყნების უმრავლესობა ეწინააღმდეგება პარიზის მცდელობას, უკრაინა დაავალდებულოს, ფული იარაღის შესაძენად მხოლოდ ევროკავშირის თავდაცვით კომპანიებზე დახარჯოს და მიიჩნევენ, რომ კიევს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყენებით აშშ-სგან იარაღი შეიძინოს.
„ევროკავშირის ქვეყნებმა კიევისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება დეკემბერში, ევროპული საბჭოს სამიტზე დაამტკიცეს, თუმცა ოთხშაბათს ევროპული კომისიის მიერ წარდგენილი წინადადების შემდეგ, კიდევ მოუწევთ ამ დაფინანსების პირობებზე შეთანხმება.
ეს ქმნის დაძაბული მოლაპარაკებების საფუძველს პარიზთან, რომელიც ტრანსატლანტიკურ ალიანსში მზარდი განხეთქილების ფონზე ვაშინგტონში თანხების ნაკადის გადინების თავიდან ასაცილებლად ზომებს იღებს“, – წერია სტატიაში.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს უპირატესობა მიანიჭოს ევროკავშირის სამხედრო კომპანიებს, რათა გაძლიერდეს ბლოკის თავდაცვითი ინდუსტრია, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ კიევი დაუყოვნებლივ ვერ შეძლებს იმ იარაღის შეძენას, რომელიც რუსული ძალების შეკავებისთვის სჭირდება.
ქვეყნების უმრავლესობა, ბერლინისა და ჰააგის მთავრობების ხელმძღვანელობით, პასუხობს, რომ კიევს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ფინანსური პაკეტის ხარჯვისას საკუთარი თავდაცვის დასაფინანსებლად, – წერენ სტატიის ავტორები.
არსებული დაძაბულობა მრავალწლიანი დებატების კულმინაციაა – უნდა ჩაერთოს თუ არა ვაშინგტონი ევროკავშირის თავდაცვითი შესყიდვების პროგრამებში. საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გრენლანდიის სამხედრო გზით ხელში ჩაგდების მუქარა გააჟღერა.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საფრანგეთის მცდელობა მკაცრი „იყიდე ევროპული“ (Buy European) დებულების შემოღების შესახებ, კიევს ხელებს შეუკრავს და შეზღუდავს მის შესაძლებლობას, თავი დაიცვას რუსეთისგან.
„უკრაინას ასევე გადაუდებლად სჭირდება მესამე ქვეყნების მიერ წარმოებული აღჭურვილობა, განსაკუთრებით აშშ-ში შექმნილი საჰაერო თავდაცვის სისტემები, F-16-ის საბრძოლო მასალები და სათადარიგო ნაწილები, ასევე შორი მანძილზე მოქმედი შეიარაღება“, – წერს ნიდერლანდების მთავრობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც Politico-ს ხელში ჩაუვარდა.











