გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა. თეიმურაზ პაპასკირმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ BBC-ის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ საჩივრის დაკმაყოფილებას არ გეგმავს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს.
იმის გასარკვევად, თუ საიდან აქვს პოლიტიკოსს ეს ინფორმაცია, „ქრონიკა“ პაპასკირს დაუკავშირდა, აქვს თუ არა BBC-ის, წინასწარ, შინაარსობრივი განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება. გვარამიას პარტიის წევრმა კითხვებს ვერ უპასუხა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნით საკუთარ ნათქვამზე პასუხისმგებლობას გაექცა.
„ქრონიკის“ კითხვებს ვერ პასუხებენ კოალიციის სხვა წევრებიც.
საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან – „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.











