პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: კითხვები არსებობს რუსეთთან მიმართებაშიც, ლოგიკური პასუხები ამ კითხვებსაც აქვს და ისიც ცხადი და გასაგებია, რა დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ, ჯერჯერობით ამ თემებზე საუბარი ნაადრევია

კითხვებს რაც შეეხება, ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, ჩემთვის კითხვები არსებობს რუსეთთან მიმართებაშიც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რადგან კითხვები არსებობს, მათ მაინც დავსვამ, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, მის მიერ გავრცელებულ წერილში წერს.

იგი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე საკითხზე, რომელთა შორისაა რუსეთის პოზიცია იანუკოვიჩის რევოლუციის გზით გადადგომაზე, ზელენსკის გაპრეზიდენტებაზე, ასევე, სირიასა და ირანში, ისევე როგორც ვენესუელაში განვითარებული მოვლენებისას რუსეთის პასიურობაზე. 

“1. გახსოვთ როგორ მოუწყვეს რევოლუცია რუსეთისადმი ლოიალურად და მეგობრულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს? როგორ ფიქრობთ, რუსეთს, რომელმაც იმ მომენტისთვის უკვე იცოდა, რომ უკრაინასთან შესაძლოა პრობლემები წარმოშობილიყო, არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის ხელისუფლებაში შეენარჩუნებინა, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთში წაეყვანა? 

2. ყურადღებით ვაკვირდებოდი უკრაინის არჩევნებს და იმ მოვლენას, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტება ჰქვია. პირადად ჩემთვის, იქ აშკარად იკვეთებოდა დახმარების ხელი, რომელიც რუსეთმა ზელენსკის გაუწოდა. ამ დახმარების მიზნობრიობა, თავისთავად, არაერთ კითხვას აჩენს. 

გარდა ამისა, დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ ზელენსკი სწორედ „დიფ სთეითის“ ფავორიტი იყო და მისი არჩევაც მათ მიერ იყო გადაწყვეტილი. ამ ფონზე, რუსეთის მხარდაჭერა მისი არჩევისადმი, კითხვებს იწვევს.

3. კითხვას აჩენს რუსეთის მოქმედება სირიაში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს, არმია სწრაფად და უმტკივნეულოდ გაიყვანა, ბაშარ ალ ასადს კი მოსკოვში მისცა თავშესაფარი.

4. როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ვენესუელა, რუსეთის „სტრატეგიული პარტნიორი“, რომელსაც რუსები წლების განმავლობაში არაერთი მიმართულებით უწევდნენ დიდ დახმარებას, აწვდიდნენ იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ეხმარებოდნენ ნავთობის რეალიზაციაში და სამხედრო რესურსებთან ერთად ფინანსურად უჭერდნენ მხარს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელში ასე მარტივად აღმოჩნდა?

5. ირანში მიმდინარე მოვლენები – რატომაა ასე პასიური ირანის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი? რატომ არ იმჩნევს მისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?” – წერს შათირიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის მიერ სხვადასხვა თანამედროვე იარაღის დემონსტირირბამ თავად ომის მიმდინარეობაზე შედეგი ვერ მოახდინა. შათირიშვილის თქმით, ერთადერთი შედეგი იყო ის, რომ „დიფ სთეითმა“ აიძულა ნატო-ს წევრი ევროპის ქვეყნები, თავდაცვაზე მშპ-ის  5%-მდე გაზრდა, რაც მათ ეკონომიკას დაანგრევს.

“ყველას კარგად გვახსოვს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყებიდან, რუსეთმა რამდენჯერმე მოახერხა სუპერ-თანამედროვე იარაღის ჩვენება. გასაგებია, რომ იარაღის ჩვენებას თავისი აზრი უნდა ჰქონდეს – პირველ რიგში, ამ იარაღის ძალა უნდა გაეთვალისწინებინა „დიფ სთეითს“, რომელიც უკრაინას ამ ომში აშკარად აქეზებდა და მხარს უჭერდა. რისთვის მოახდინა რუსეთმა აღნიშნული იარაღების დემონსტიტრება, ეს გაუგებარია, ვინაიდან ომზე გავლენა არ მოუხდენია – გარდა ერთისა, რომ იმავე „დიფ სთეითმა“ აიძულა ნატო-ს წევრი ევროპის ქვეყნები, თავდაცვაზე მშპ-ის  5%-მდე გაზრდა, რაც მათ ეკონომიკას, პირდაპირ დაანგრევს. ასეთი სუპერ თანამედროვე იარაღის ჩვენება, რეალურად, საფუძველი უნდა ყოფილიყო, რომ ომის გამჩაღებლებს ყურად ეღოთ და შეეჩერებინათ საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ მთავარი რაც მივიღეთ სწორედ ესაა – 5%მდე აიწია გადასახადმა, სხვა გავლენა კი, ამ იარაღს, უშუალოდ ომის მიმდინარეობაზე არ მოუხდენია.

გვერდს ვერც იმას ავუვლი, თუ როგორ გვიხატავდა „დიფ სთეითი“ პუტინს – როგორ კოორდინირებულად წარმოაჩენდა მის პიროვნებას „დიფ სთეითის“ მიერ ტოტალურად კონტროლირებადი მედია, ახლა კი, ვხედავთ შემდეგს: რუსეთის პრეზიდენტმა, ღაზის მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების შეთავაზება აშშ-სგან მიიღო.

რა თქმა უნდა, ლოგიკური პასუხები ამ კითხვებსაც აქვს და ისიც ცხადი და გასაგებია, რა დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერჯერობით ამ თემებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამ წუთისთვის დღის წესრიგში ის საკითხები დგას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე.” – წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა