სამართალი

„სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და ნაქურდალს სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ“ – დაკავებულია 6 პირი, მათ შორის მოვაჭრეები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა, რომელიც სასურსათო მაღაზიების ქურდობასა და ნაქურდალი პროდუქციის სისტემურ რეალიზაციას ეწეოდა. დაკავებულია 6 პირი, მათ შორის ჯგუფის ლიდერი და მოვაჭრეები, რომლებიც მოპარულ საქონელს იბარებდნენ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განმარტებით, დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. გამოძიების მასალების თანახმად, არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტებს. ნაქურდალი პროდუქცია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით რეალიზდებოდა. მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა.

„სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი, დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ, იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ.

არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა.

ამასთან, დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები.

გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ყველა, ვინც ჩაიდენს მსგავსი სახის დანაშაულს, კანონის შესაბამისად, უმკაცრესად იქნება დასჯილი“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა