მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6-ს წლამდე ვადით. კიდევ ერთი სიახლის მიხედვით პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
საკანონმდებლო ცვლილება ასევე შეეხება მეწარმე სუბიექტებს. ცვლილების თანახმად, მეწარმე სუბიექტის მხრიდან ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, სამართალდარღვევად ჩაითვლება.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ, რაზეც ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე.
“ვინაიდან მათ დააანონსეს, რომ უკანონოდ აპირებდნენ დაფინანსებას, ჩვენც რა თქმა უნდა, მივიღებთ ზომებს. ის ფილიალები საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ან ვინც თავი აარიდა საქართველოში ამ დეკლარაციების შევსებას და გადარეგისტრირდნენ უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში, თუ არ ვცდები, ძირითადად ესტონეთში, რა თქმა უნდა, თუ მათი ძირითადი საქმიანობა საქართველოს შეეხება და ისინი ოპერირებენ საქართველოში, რა თქმა უნდა, ისინი თუ მიიღებენ გრანტს, რომელიც უნდა დაიხარჯოს საქართველოში, ამაზე ნებართვა დასჭირდებათ. ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ. მათ არა თუ მოიფიქრეს, არამედ დააანონსეს და ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.











