კალიფორნიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა სასიკვდილოდ შხამიანი სოკოს, თეთრი შხამას (Amanita phalloides), საკვებად გამოყენების შემდეგ. როგორც სააგენტო AP აღნიშნავს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკო ძალიან ჰგავს საკვებად ვარგის სახეობებს, რის გამოც მათი ერთმანეთში არევა ადვილია.
ამ ზამთარს კალიფორნიაში თეთრი შხამით მოწამვლის სულ მცირე 30 შემთხვევა გამოვლინდა. დაზარალებულები, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ წელიწადნახევრისაა, საავადმყოფოებში ღვიძლის მძიმე დაზიანებით მოხვდნენ. სამ შემთხვევაში პაციენტების გადასარჩენად ორგანოს სასწრაფო გადასანერგვა გახდა საჭირო.
ექსპერტების თქმით, წელს კალიფორნიაში თეთრი შხამას ე.წ. „სუპერყვავილობა“ შეინიშნება. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია. თბილმა შემოდგომამ ხელსაყრელი პირობები შექმნა სოკოს ზრდისთვის. წვიმიანმა ზამთარმა და ტენიანობამ კი, ხელი შეუწყო მათ მასობრივ გავრცელებას.
არსებული სასიკვდილო რისკის გამო, შტატის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დროებით თავი შეიკავონ ყოველგვარი ველური სოკოს შეგროვებისგან.
მომაკვდინებელი სოკო, რომელსაც ქართულად მომწვანო შხამა (ან უბრალოდ შხამა) ჰქვია, საქართველოშიც ფართოდ არის გავრცელებული. ჩვენს ტყეებში ის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან გარეგნულად ძალიან ჰგავს პოპულარულ საკვებ სოკოებს — ციყვიყურას და შამპინიონს (ქამა სოკოს). გამოუცდელი მესოკოვნისთვის მათი გარჩევა რთულია, რადგან შხამას მთავარი განმასხვავებელი ნიშნები — ფეხის ძირში არსებული „პარკი“ და თეთრი ფირფიტები — ხშირად მიწით ან ფოთლებით არის დაფარული. სპეციალისტები გვირჩევენ: თუ სოკოს იდენტიფიცირებაში 100%-ით დარწმუნებული არ ხართ, ნუ მოწყვეტთ მას, რადგან ერთი პატარა ნაჭერიც კი ფატალურია.











