უცხოური მედია

FT: აშშ უკრაინისგან მაისისთვის არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს; ზელენსკის ოფისი კი, პრიორიტეტად უსაფრთხოებას მიიჩნევს

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, უკრაინამ დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის დაგეგმვა, რომელიც მიმდინარე წლის 15 მაისამდე უნდა გაიმართოს. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში BBC-ის წყაროები აცხადებენ, რომ არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

 FT-ის ანონიმური უკრაინელი და დასავლელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკი გეგმავს არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების შესახებ  24 თებერვალს განაცხადოს.

 დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევისგან არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რადგან სურს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ გაზაფხულზევე წარმატებით დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ იმ უსაფრთხოების გარანტიების გაუქმებით იმუქრება, რომელთა გაცემასაც თავადვე გეგმავს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში

უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოსკოვის ერთ-ერთი თავდაპირველი მოთხოვნა იყო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებისას. ევროპელი და უკრაინელი პოლიტიკოსების აზრით, კრემლი იმედოვნებს, რომ საომარი მოქმედებების დროს ჩატარებული არჩევნები უკრაინას შიგნიდან დაასუსტებს.

ბიბისი-ს ინფორმაციით, თუ უკრაინა არჩევნებს დათანხმდება, ეს იქნება ზელენსკის მხრიდან უმნიშვნელოვანესი დათმობა. აქამდე ის არაერთხელ აცხადებდა, რომ არჩევნები შეუძლებელია საომარი მდგომარეობის პირობებში, როდესაც მილიონობით მოქალაქე ქვეყნიდანაა გასული, ხოლო ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.

BBC-ის უკრაინულ სამსახურთან საუბრისას, პრეზიდენტის ოფისის წყარომ აღნიშნა: „სანამ არ იქნება უსაფრთხოება, არჩევნების შესახებ განცხადებებიც არ იქნება“.

სახელმწიფო სააგენტო „უკრინფორმი“ კი ციტირებს სხვა წყაროს ოფისიდან: „როდესაც რუსები ყოველდღიურად ხოცავენ ხალხს, როგორ შეიძლება უახლოეს კვირებში არჩევნების სერიოზულად განხილვა? არჩევნების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ უსაფრთხოება აუცილებელი პირობაა“.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა