დიდი ბრიტანეთის ელჩს ვთხოვეთ, წარმოედგინა საფუძვლები, რას ეფუძნებოდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების გადაწყვეტილებას, არ უნახავს.
„ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან „პოსტივის“, ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ელჩს მოვთხოვეთ, რას ეფუძნება შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით. მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს. არაფერი კონკრეტული არ ყოფილა წარმოდგენილი. მოვისმინე მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება შეფასებები, თითქოს რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ბრალდებები და შეფასებები, რომლებსაც ჩვენ არ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, წარმოადგენენ რამეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ მათ გადაწყვეტილებას რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდა. თუმცა, რომ გითხრათ, ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს.
„მე კითხვა დავუსვი ბატონ ელჩს, რა მიზნები აქვს დედაქალაქისადმი მცდარი ინფორმაციის მიწოდებას, რაც საფუძვლად ედება ასეთ გადაწყვეტილებებს. ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე და ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.











