პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რეგიონში არსებული ომის პირობებში, ქვეყანა გადაურჩეს ამ დაპირისპირების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას.
ლევან მახაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობა ფეთქებადსაშიშია.
დეპუტატის მოსაზრებით, ნებისმიერი არასწორი და გაუთვლელი ნაბიჯი დომინოს ეფექტით შეიძლება ესკალაციაში გადაიზარდოს.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ათჯერ და ასჯერ იყოს აწონილი და გაანალიზებული. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომის პირობებში, საქართველო ამ დაპირისპირების ჩვენს ტერიტორიაზე გადმოტანას გადაურჩეს. ეს არის მთავარი საზრუნავი და თითოეული გადაწყვეტილება ამას ემსახურება. ასეთ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში არ მხოლოდ არასახელმწიფოებრივია ის განცხადებები, რაც ზოგიერთისგან გვესმის, რადგან სახელმწიფოს მონიშვნა ხდება, როგორც სამხედრო სამიზნის და დაპირისპირებული მხარეების მოწვევა, რომ აქაც გაშალონ თავისი სამხედრო თეატრი. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და ამ ნაწილში მოღალატეობრივი. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რა საფრთხეს შეიცავს ის დივერსიული ინფორმაციები, რასაც ავრცელებენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
ამასთან, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა: „ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს – საქართველოშია აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე“.











