Uncategorized

ნათია თავდგირიძე- რეგიონების ხმა დღეს უფრო ისმის, ვიდრე წლების წინ, თუმცა მაინც ბევრია სათქმელი და ბევრია ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ ვინმე მივა და მოუსმენს

რეგიონში მუშაობის ყველაზე დიდი სილამაზე ის არის, რომ  შესაძლებლობა გაქვს ადამიანების ცხოვრების და ოჯახის ნაწილი გახდე. ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო, მათთან ერთად იცხოვრო და მაყურებელს ის რეალობა აჩვენო, რაც არსებობს ,ყოველგვარი შეფუთვისა და ხელოვნურობის გარეშე,- ამბობს აჭარის ტელევიზიის გადაცემის,  „ერთი დღე სოფელში“ წამყვანი ნათია თავვდგირიძე ჩვენთან საუბარში. 

მისი თქმით,  ამ გადაცემის საშუალებით, სოფლად მცხოვრები უამრავი ადამიანის პრობლემების გაჟღერება და დახმარება მოხერხდა.

– როდის დაიბადა გადაცემა ,,ერთი დღე სოფელში“?

-აჭარის ტელევიზიაში ძალიან პატარა ასაკში მივედი. 20 წლის ვიყავი, როდესაც გადაცემა „დილის ტალღაში“ ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა და სხვადასხვა თემაზე საინტერესო სიუჟეტებს ვამზადებდი. სწორედ იმ პერიოდიდან გამიჩნდა განსაკუთრებული ინტერესი სიძველეების, სოფლის ცხოვრების და ეთნოგრაფიის მიმართ. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ჩემს მიერ მომზადებული მასალა სიუჟეტის განსაზღვრულ ქრონომეტრაჟს აჭარბებდა, რადგან თემას უფრო ფართოდ გაშლა სჭირდებოდა. ამიტომ ნელ-ნელა გაჩნდა იდეა, სოფლის თემატიკა ცალკე გადაცემად ჩამოგვეყალიბებინა. 

2012–2013 წლებში აქტიურად დავიწყე მუშაობა ახალ პროექტზე და მალევე შევარჩიე სახელიც — „ერთი დღე სოფელში“. ასე, 23 წლის ასაკში, ზურგჩანთით შევუდექი მთიანი აჭარის სოფლების შემოვლას უკვე ავტორისა და წამყვანის ამპლუაში. მახსოვს, პირველი გადაცემის გადასაღებად  რომ წავედი სოფელ მარარდიდში, ზუსტი გეგმა არ მქონდა, მაგრამ ჩემი, როგორც აჭარელი გოგონას  მიზანი იყო, ჩემი კუთხე მაყურებლებს  სულ სხვა თვალით დაენახათ და შეეგრძნოთ. 

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ  გადაცემა ,,ერთი დღე სოფელში“  ასეთი პოპულარული გახდებოდა და მაყურებელი ასე შეიყვარებდა. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე 13 წელია, ყოველ შაბათს, 22:00 საათზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში — სოფლებშიც და ქალაქებშიც — ელოდებიან თავდგირიძის გოგონას ზურგჩანთით.

-რას ცვლის თქვენთვის ფორმატი, როცა სტუდიის ნაცვლად რეგიონში მუშაობთ? 

-სტუდიაში მუშაობა, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტულია — ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი, ტექნიკურად გამართული და კონტროლირებადი. თუმცა, რეგიონში მუშაობა სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გაძლევს. იქ რეალურ გარემოში ხვდები ადამიანებს, მათ ყოველდღიურობას, ტრადიციებსა და ნამდვილ ემოციებს.

ამ ფორმატში ხშირად მიწევს კილომეტრების გავლა ფეხით — თოვლში, ქარში, წვიმაში თუ მაღალი ტემპერატურის პირობებში. ეს ნამდვილად არ არის მარტივი და შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაცემას ჩემი ჯანმრთელობის დიდი ნაწილიც შევწირე ამ 13 წლის განმავლობაში. მაგრამ სწორედ ამ გზით მივდივარ იმ ადამიანებამდე, რომლებიც გულით გელოდებიან.

რეგიონში მუშაობის ყველაზე დიდი სილამაზე ის არის, რომ  შესაძლებლობა გაქვს ადამიანების ცხოვრების და ოჯახის ნაწილი გახდე. ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო, მათთან ერთად იცხოვრო ერთი დღე და მაყურებელს ზუსტად ის რეალობა აჩვენო, რაც არსებობს — ყოველგვარი შეფუთვისა და ხელოვნურობის გარეშე. ვფიქრობ, სწორედ ეს ნამდვილობა და სიზუსტე მოსწონს მაყურებელს. იქ არც მე ვთამაშობ და არც ჩემი რესპონდენტები — ყველაფერი ბუნებრივად და გულწრფელად ხდება.

ამ 13 წლის განმავლობაში ჩემთვის ეს გადაცემა მხოლოდ პროფესიული პროექტი აღარ არის. როცა ვიცი, რომ იქ, მთაში თუ შორეულ სოფელში, ადამიანები მელოდებიან, სხვაგვარად უბრალოდ ვერ ვიქცევი. ამ გადაცემის საშუალებით უამრავ სოფლად მცხოვრებ ადამიანს შევძელით დახმარება და მათი პრობლემების გაჟღერება. ამიტომ ხშირად ვფიქრობ, რომ თავიდანვე ეს თითქოს ჩემი გარკვეული მისია იყო — მივსულიყავი იქ, სადაც ზოგჯერ სხვები ვერ მიდიან, და მათი ხმა მაყურებლამდე მიმეტანა.

-განსხვავდება თუ არა რესპონდენტების გახსნილობა სოფელში ჩაწერის დროს? 

-დიახ, სოფელში რესპონდენტების გახსნილობა სრულიად განსხვავებულია. იქ ადამიანები უფრო გულწრფელები და უშუალოები არიან. მათ არ აქვთ კამერის შიში და არც წინასწარ მომზადებული პასუხები — უბრალოდ გიყვებიან თავიანთ ცხოვრებას ისე, როგორც არის. სწორედ ამიტომ, ხშირად ვამბობ, რომ მე მყავს ყველაზე გულწრფელი რესპონდენტები.

როცა სოფელში შედიხარ და ადამიანებთან ერთ სივრცეში, მათ გარემოში ატარებ დროს, ნელ-ნელა ქრება ფორმალური ინტერვიუს განცდა და იწყება გულწრფელი საუბარი. ისინი არ თამაშობენ კამერის წინ — ისინი უბრალოდ საკუთარ ისტორიას ჰყვებიან. ეს სითბო, ბუნებრიობა და სიმართლე კი, პირდაპირ მიდის მაყურებლამდე.

მგონია, რომ სწორედ ამ გულწრფელობამ და ფორმატის ბუნებრიობამ შექმნა ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელმაც მაყურებლის სიყვარული მოიპოვა. წლების განმავლობაში არაერთხელ მსმენია, რომ ამ გადაცემის ყურების შემდეგ ბევრმა სცადა მსგავსი ფორმატის გაკეთება. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამოჩნდნენ ბევრი ჟურნალისტი და ბლოგერი, რომლებიც გარკვეულწილად ნათია თავდგირიძის გზას მიჰყვებიან და ამ ტიპის გადაცემებს აკეთებენ.მე მათ ხუმრობით პატარა ნათია თვდგირიძეებს ვეძახი☺ თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა, რადგან ნიშნავს, რომ ის გზა, რომელიც წლების წინ ზურგჩანთით დავიწყე, და ამაზე თვიდან სამწუხაროდ ბევრი იცინოდა, დღეს უკვე სხვებისთვისაც შთაგონების წყარო გახდა. უფრო მეტიც, ამდენი გადაცემა გვაქვს ქართულ ტელესივრცეში და ცნობილმა რეპერმა ,,“სნუპდოგმაწლების წინ ჩემი გადაცემის ფრაგმენტი გააზიარა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე, სადაც  აჭარული ცეკვის ვიდეოს 14 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. მე სხვა გადაცემების ასეთი მასშტაბური გავარდნა არ მახსენდება. 

-რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის რეგიონის თემების გაშუქება? ზოგადა, ისმის თუ არა რეგიონების ხმა საკმარისად? 

-რეგიონის თემების გაშუქება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად სწორედ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები არიან ისინი, ვისი ხმაც ყველაზე ნაკლებად ისმის. დიდ ქალაქებში მიმდინარე მოვლენები უფრო სწრაფად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაშინ, როცა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ხშირად წლები სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი პრობლემები, ყოველდღიურობა ან წარმატებაც კი, ვინმემ ფართო საზოგადოებას გააცნოს. ამიტომ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ეს იყო — რეგიონების ხმა გამხდარიყო უფრო მკაფიო და გასაგონი. როცა მიდიხარ სოფელში და ადამიანებს უსმენ, ხვდები, რამდენი საინტერესო ისტორია, ტრადიცია, შრომა და გამოწვევა იმალება იქ. ჩემი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ეს ყველაფერი მაყურებლამდე მივიტანო ისე, როგორც რეალურად არის.

ვფიქრობ, რეგიონების ხმა დღეს უფრო ისმის, ვიდრე წლების წინ, თუმცა მაინც ბევრია სათქმელი და ბევრია ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ ვინმე მივა და მოუსმენს. ამიტომ ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა,  იმ ადამიანების ისტორიები გავაჟღერო, რომლებიც ხშირად ჩუმად, შრომით და ღირსეულად ცხოვრობენ ქართული სოფლების სხვადასხვა კუთხეში.

-რა მთავარი პრობლემა  გამოიკვეთა სოფელში სტუმრობისას? რა საკითხებია განსაკუთრებულად აქტუალური იქ, სადაც გადაცემებს წერთ? 

-13 წლის განმავლობაში, რაც სოფლებში დავდივარ და გადაცემებს ვამზადებ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. თავიდან, თითქმის ყველა სოფელში, მოსახლეობა ყველაზე ხშირად გზის პრობლემაზე საუბრობდა. მთიან აჭარაში გადაადგილება განსაკუთრებით რთული იყო და ეს პირდაპირ აისახებოდა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. საბედნიეროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა და დღეს უკვე ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

როდესაც გზებისა და გადაადგილების პრობლემა შედარებით მოგვარდა, დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წამოიწია. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გახდა სოფლად ტურიზმის განვითარება. ამ პროცესმა ძალიან საინტერესო შედეგიც მოიტანა — ბევრი ადამიანი, ვინც წლების წინ სოფელი დატოვა და ქალაქში ან საზღვარგარეთ წავიდა, ნელ-ნელა ისევ საკუთარ სოფელს დაუბრუნდა. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აჭარის სოფლები ბევრად უფრო ცოცხალი და სავსეა, ვიდრე საქართველოს ბევრ სხვა რეგიონში, სადაც სოფლების დაცლის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას.

ჩემს გადაცემებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ასევე სოფლად ტურიზმის განვითარებას, ფოლკლორს, ტრადიციებს, ადგილობრივ კულტურას, სოფლის მეურნეობას და იმ ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას, რომლებიც ამ გარემოს სიცოცხლეს უნარჩუნებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელმა დაინახოს, როგორ ცხოვრობენ ადამიანები სოფელში, რას ქმნიან საკუთარი შრომით და ამ ყველაფრის უკან როგორი მონდომება და ენთუზიაზმი დგას.

-განსხვავდება თუ არა მოქალაქეების დამოკიდებულება კამერების წინ რეგიონში და დედაქალაქში? 

-დიახ, განსხვავება ნამდვილად იგრძნობა. რეგიონებში ადამიანები კამერის წინ უფრო ბუნებრივებიდა გულწრფელები არიან. მათ არ აქვთ წინასწარ მომზადებული ფრაზები და არც ცდილობენ რაღაც განსაკუთრებულად წარმოაჩინონ თავი — უბრალოდ ისე საუბრობენ, როგორც ცხოვრობენ. ხშირად სწორედ ეს უშუალობა ქმნის ყველაზე საინტერესო და ნამდვილ ისტორიებს.

როდესაც სოფელში ჩადიხარ, ადამიანები პირველ რიგში სტუმრად გიღებენ და მერე იწყება საუბარი. იქ ინტერვიუ ნაკლებად ჰგავს ოფიციალურ პროცესს — უფრო გულწრფელ დიალოგს ჰგავს, სადაც ადამიანი თავის გამოცდილებას, შრომას, სიხარულს თუ პრობლემებს ძალიან ბუნებრივად გიზიარებს. დედაქალაქში კი ადამიანები უფრო მეტად ფიქრობენ იმაზე, როგორ გამოჩნდებიან კამერის წინ, რას იტყვიან და როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება. რეგიონში ეს ბარიერი ბევრად ნაკლებია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემი რესპონდენტების მთავარი ძალა მათი გულწრფელობაა — ისინი არ თამაშობენ კამერის წინ, ისინი უბრალოდ საკუთარ ამბავს, დარდს თუ სიხარულს  მთელი გულით ყვებიან. 

-რამდენად რთულია წლების განმავლობაში რეიტინგის შენარჩუნება? 

წლების განმავლობაში რეიტინგის შენარჩუნება ნამდვილად არ არის მარტივი. ტელევიზიაში მაყურებლის ინტერესი მუდმივად იცვლება, ჩნდება ახალი ფორმატები, ახალი პლატფორმები და კონკურენციაც სულ უფრო იზრდება. ამიტომ იმის შენარჩუნება, რომ გადაცემას 13 წლის შემდეგაც ელოდებოდნენ და უყურებდნენ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შრომაა.

ჩემთვის მთავარი ყოველთვის იყო გულწრფელობა და რეალური ისტორიები. მაყურებელი ძალიან კარგად გრძნობს, სად არის სიმართლე და სად — ხელოვნურობა. სწორედ ამიტომ ვცდილობდი, რომ გადაცემა არ დაკარგულიყო თავის ნამდვილობაში და ყოველთვის იმ ადამიანების ცხოვრებაზე გვეთქვა, ვინც ქართულ სოფლებში ცხოვრობს, შრომობს და ტრადიციებს ინახავს.

ალბათ სწორედ ამ გულწრფელობამ, უბრალოებამ და ადამიანებთან უშუალო ურთიერთობამ შეინარჩუნა მაყურებლის ნდობა. როცა იცი, რომ ყოველ შაბათს ადამიანები ელოდებიან „ზურგჩანთიან გოგოს“ სოფლის გზებზე, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაძლევს, რომ გადაცემა ისეთივე სიყვარულით და თავდადებით აკეთო, როგორც პირველ დღეს. რა თქმა უნდა მე გათვითცნობიერებული მაქვს, რომ როგორც ყველაფერს აქვს დასაწყისი ისე უნდა ჰქონდეს დასასრული, თუმცა მეც და ჩემს ოპერატორს, რამაზ სურმანიძეს ჯერ ეს დასასრული ვერ წარმოგვიდგენია. ალბათ იმიტომ , რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და გვიხარია ამ წლების განმავლობაში ასეთი უნიკალური ვიდეო არქივი და ამბავი რომ შევქმენით. 

-როგორ ემზადებით გადაცემის წინ?  

-გადაცემის წინ მზადება ჩემთვის არ არის უბრალოდ პროცედურა, ეს არის მიკვლეული გზა სოფლამდე და იქ დამალული ისტორიების მოპოვებისკენ. წასვლამდე თითქმის ყველაფერს ვგეგმავ: გეგმის 70% უკვე გაწერილია, ტექსტები მზადაა, ინფორმაცია მოძიებული და რესპონდენტებიც შეთანხმებულები არიან. ეს მობილიზება გვაძლევს იმას, რომ ხშირად ერთ დღეში შევქმნათ მთელი გადაცემა. თითოეული 40 წუთიანი ეპიზოდი – ეს არა უბრალოდ გადაცემა, არამედ პატარა ფილმია, სავსე სოფლის ყოველდღიურობის სურნელით, ადამიანური ისტორიის ამბებით და ცხოვრების წვრილმანებით, რომლებიც აერთიანებს წარსულს, აწმყოს და იმედს მომავალზე.

-გეგმავთ თუ არა ამ ფორმატის შეცვლას მომავალში? 

-როდესაც ასეთი გრძელი, 13- წლიანი ისტორია გაქვს, გადაცემის ფორმატს ყოველთვის სჭირდება გამოკვება და განახლება, რომ მაყურებლისთვის არასოდეს გახდეს მოსაწყენი. ამიტომ მუდმივად ვფიქრობთ ახალ სეგმენტებსა და სიუჟეტურ გადაწყვეტებზე. პარალელურად ვაშუქებთ თურქეთში მუჰაჯირების ცხოვრებას – მათი ისტორიებს, ყოველდღიურობას, განცდებს. ჩვენს მაყურებელს, განსაკუთრებით ჩვენებურს, ძალიან უხარიათ, როცა სოფლებში ვხვდებით მათთან გადაღებებზე.

მათ გარდა, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ბევრი ემიგრანტი მაყურებელი გვყავს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც ასევე საჭიროებენ ჩვენს ყურადღებას. ხშირად ევროპულ სოფლებსაც ვსტუმრობთ, იქ მცხოვრებ წარმატებულ, მშრომელ ქართველებს ვიღებთ. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მუშაობა მისიაა – შევინარჩუნოთ ძაფი სამშობლოს, ემიგრანტების და სოფლების ამბებს შორის, ამ ურთიერთობებით უფრო გავამყაროთ ეს კავშირი და მაყურებელს ვაჩვენოთ, რომ ისინი არ არიან მარტო.

-როგორია ნათია თავდგირიძე გადაცემის და კამერების მიღმა? რამდენად რთულია დედისთვის გასვლითი სამუშაოები და ოჯახიდან ხშირად მივლინებაში ყოფნა? 

-კამერების მიღმა ჩვეულებრივი ქალი ვარ – დედა, აქტიური და ენერგიული. მუდამ ვცდილობ ვიყო ფორმაში, ვისწავლო, ვიმუშაო საკუთარ განვითარებაზე და სხვებსაც ვასწავლო. ვიცი, რომ შვილებს უფრო  წარმატებული და ბედნიერი დედა სჭირდებათ, ვიდრე დაღლილი და მოწყენილი, ამიტომ დროს ვანაწილებ ისე, რომ მათთან ყოფნისას მაქსიმალურად პროდუქტიული და სრული ყურადღების მქონე ვიყო. გასვლითი სამუშაოები და მუდმივი მივლინებები, ბუნებრივია, რთულია როცა ოჯახი გყავს და სხვა პასუხისმგებლობებიც გაკისრია, მაგრამ  გამოცდილება და სწორ ადამიანებთან ურთიერთობა მაძლიერებს და მეხმარება, რომ პროფესიულადაც და პიროვნულადაც გაწონასწორებული ვიყო.

-რას დაამატებთ თქვენს სამომავლო გეგმებში? გაგვიმხილეთ 

-მე ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. ვგრძნობ, რომ ჩემში არის ამოუწურავი ენერგია და რესურსი, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქალაქს. ამ ეტაპზე დოქტორანტურას ვასრულებ და აკავრეთის ხეობაზე ვწერ ნაშრომს, რომელიც არა მხოლოდ ჩემს კუთხეს, არამედ მთლიანად ქვეყანას გამოადგება. პარალელურად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს მხარეთმცოდნეობას ვასწავლი, ხოლო ხელოვნების უნივერსიტეტშიც მაქვს გარკვეული საათები. მსურს, ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ცხოვრება მაგალითად იქცეს მათთვის – რომ დაინახონ, როგორ შეიძლება გამოცდილება, შრომა და ინიციატივა გახდეს მათი წარმატების წინაპირობა.

მჯერა, რომ ადამიანი მუდმივად უნდა წინ წავიდეს. არასდროს გაჩერდეს, არასდროს შეჩერდეს შიშით ან სირთულეებით – პირიქით, იპოვოს შთაგონება, ეძებოს შესაძლებლობები და გამოიყენოს თავისი ენერგია. მე ვგრძნობ, რომ შემიძლია უფრო მეტის გაკეთება – ვიყო ნამდვილი რესურსი ჩემი კუთხის, ქვეყნის და მომავალი თაობისთვის. მინდა, ცხოვრება გადავაქციო სამოქმედო სივრცედ, სადაც პროფესიულიც და პიროვნულიც ხელს უწყობს ერთმანეთის განვითარებას, სტუდენტებს ვეხმარები უკეთ განვითარდნენ, ემიგრანტებს დავანახო კუთხის სიძლიერე, სოფლებში მცხოვრებ ხალხს კი – შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე სოფლებს და ადგილობრივებს გაუცნობიერებელი ჰქონდა. ჩემი გადაცემა იყო ბევრისთვის ტრამპლინი, დიდი წარმატების საწყისი ამბავი და მე მიხარია, არაერთი პროექტი რომელიც დღეს არსებობს, დაიწყო ჩვენით. 

ეს ყველაფერი ჩემთვის არა მხოლოდ კარიერა, არამედ მისიაა – სიცოცხლის ძალის გამოყენება ისე, რომ თითოეული ნაბიჯს რეალური შედეგი ჰქონდეს, ადამიანების რესურსი არის ამოუწურავი, მთავარია ვისწავლოთ ყველაფრის სწორად დანახვა და თანადგომა. 

ესაუბრა თინათინ ფუტკარაძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა