თბილისის საქალაქო სასამართლოში, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იკითხებიან.
პოლიტიკოსები გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა, თუმცა მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოსამართლის თანდასწრებით ისურვეს.
სასამართლოში გამოკითხვაზე გუშინ უკვე იმყოფებოდა გუბაზ სანიკიძე.
ამასთან, გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია გივი თარგამაძე, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება.
ცნობისთვის, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.
„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, – განაცხადეს სუს-ში.











