პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი – ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია თანამშრომლობისკენ და რა განცხადება უნდა გააკეთოს, რომ ხელისუფლება არჩევნებით არ უნდა იცვლებოდეს?

ეუთო მუშაობს პირველ რიგში იმისთვის, რომ იყოს თანამშრომლობა, დიალოგი, შეთანხმება სხვადასხვა აქტორას და მხარეს შორის. ამიტომაც გასაგებია ის დღის წესრიგი, რაც აქვთ, მათ შორის განცხადებები იმის თაობაზე, რომ არჩევნები უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილების გზა. აბა, ეუთო-სგან სხვას რას უნდა ველოდოთ, რა განცხადება უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებით არ უნდა იცვლებოდეს?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია მომართულია თანამშრომლობისკენ, დიალოგისკენ და მისი განცხადების მთავარი არსია, კრიზისის განმუხტვა მოხდეს.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ არასოდეს ვიყავით ძალადობრივი მეთოდების გამომყენებლები და ყოველთვის ვიყავით ჩართული მშვიდობიან წინააღმდეგობაში, პროტესტში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება უნდა წავიკითხოთ არა ცალმხრივად, არამედ გავიგოთ მთავარი გზავნილები – პოლიტიკურ პატიმრებზე იყო საუბარი, თავისუფალ არჩევნებზე და კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე. კრიზისი შექმნილი არის ივანიშვილის მიერ, პოლიტიკურ დევნას აწარმოებს ივანიშვილი, არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მექანიზმს იყენებს ივანიშვილი. ამიტომ აქცენტების მხოლოდ ოპოზიციაზე გაკეთება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების ძალიან ცალმხრივი გაგებაა. ორგანიზაცია არის მომართული თანამშრომლობისკენ, დიალოგისკენ. მისი განცხადების მთავარი არსია, რომ კრიზისის განმუხტვა უნდა მოხდეს. საუბრობს საშუალებებზე, რომლებითაც კრიზისი იმუხტება, მათ შორის ეს არის თავისუფალი არჩევნები, კონკრეტულ საკითხებზე მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა. შეგახსენებთ, ამ ორგანიზაციის დასახელებაც ამას გულისხმობს, რომ არის მიმართული თანამშრომლობისკენ. საარჩევნო ყუთებით რომ უნდა მოხდეს ცვლილება, ამას ვამბობთ ჩვენც, მაგრამ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა ჰქონდეს სანდოობა პროცესის მიმართ. მოქალაქეებს როცა აღარ აქვთ სანდოობა პროცესის მიმართ და ე.წ. არჩევნებს ეძახიან არჩევნებს, ამიტომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ამიტომ საუბრობს მთელი დასავლური სამყარო, ყველა ინსტიტუცია. ეს იცის ივანიშვილმაც, მისმა რეჟიმმაც, თუმცა ამ ნაბიჯს არ დგამს, რადგან თავისუფალ არჩევნებში ივანიშვილი წააგებს. პოლიტიკური ტყვეები როცა გვყავს ქვეყანაში, ფიზიკურად ვერ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები. ოპონენტები ციხეში თუ არიან და არა საარჩევნო პროცესში, პროცესი ვერ იქნება თავისუფალი, თანასწორი. ამიტომაც, მათ შორის, უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, შეიცვალოს რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც რეპრესიულია აბსოლუტურად ყველა დასავლური ინსტიტუციის განცხადებით. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ვერ გადაიდგმება ნაბიჯი. ეს გზა ჩახერგილი აქვს არა ოპოზიციას, არამედ ივანიშვილს. ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია თანამშრომლობისკენ, ეს მათი მისია გახლავთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა