პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მარკეტა გრეგოროვა და სხვა ბევრი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, საერთოდ არ იცნობს ჩვენს ქვეყანას და არც მიმდინარე პროცესებზე ფლობს ინფორმაციას — ისინი “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებენ

ევროპარლამენტარების განცხადებებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის მარკეტა გრეგოროვა, საქართველოს შესახებ განცხადებებს საკმარისი ინფორმაციის გარეშე აკეთებს. მაჭარაშვილის განცხადებით, მსგავსი პოზიციები ეწინააღმდეგება ევროკომისიის იმ ანგარიშებსაც, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროგრესზე მიუთითებს.

„მარკეტა გრეგოროვა, ისევე როგორც მისი თანამოაზრეები ევროპარლამენტში, წარმოადგენენ “დიფ სთეითის” ფასიან ევროპარლამენტარებს. რასაც ეტყვიან, იმას იმეორებენ. დარწმუნებული ვარ, არა მარტო გრეგოროვა, არამედ ბევრი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ გააკეთა განცხადება, საერთოდ არ იცნობს საქართველოს და ნამყოფიც არ არის აქ. თუ ყოფილა, შესაძლოა აეროპორტიდან პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ ოფისში მივიდა და შემდეგ, უკან გაფრინდა. საერთოდ არ იცნობენ ქართულ ხასიათს, არც ისტორიას და არც ქართველი ადამიანის ფსიქიკას, არც ფლობენ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე — ეს ხომ გამოჩნდა. სამი წელია საუბარია ხოშტარიას რუბლებზე. თავად აღიარა, რომ იღებს თანხას რუსეთის ბიუჯეტიდან და მთელი საქართველო ამაზე საუბრობდა, ხოლო გრეგოროვა ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება გრეგოროვამ იცოდეს, „იმედი“ და „პოსტივი“ დასასანქცირებელია თუ არა? უბრალოდ უთხრეს, რომ ეს არის ტელევიზიები, რომლებსაც შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს. სწორედ აქედან ჩანს, რომ არის ფასიანი ევროპარლამენტარი. არ ვიცი ვინ უხდის და რამდენს, მაგრამ “დიფ სთეითზე” დამოკიდებული ევროპარლამენტარია და მის განცხადებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

არამარტო გრეგოროვა — ბევრი ევროპარლამენტარი ეწინააღმდეგება ევროკომისიის ანგარიშებსაც კი. წესით, მაგიდაზე უნდა ედოთ ევროკომისიის ანგარიში, სადაც წერია, რომ საქართველოში არის წინსვლა დემოკრატიულ განვითარებაში, მთავრობისადმი ნდობაში, გამჭვირვალობაში და ეკონომიკურ განვითარებაში. ამ დროს ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესია. ეუთო/ოდირის დასკვნაში დაგმობილია პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, ხოლო ამავე დროს ამბობენ, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა ევროპარლამენტში, რის გამოც მან უკვე დაკარგა როგორც სახე, ისე ღირებულებაც. არამარტო ქართულ, არამედ ევროპულ საზოგადოებაშიც ცნობილია დაკნინებული ევრობიუროკრატია. ევროკავშირში სულ უფრო იზრდება იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც ხედავენ, რომ ასეთი გზით ევროკავშირს მომავალი არ აქვს. თუ ევროპულ სახელმწიფოებში ხელისუფლებების უმრავლესობა შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებიც დაკარგა,”—განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა