სიდნეიში ტექნოლოგიურმა მეწარმემ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, თავისი ძაღლისთვის შექმნა პერსონალიზებული mRNA ვაქცინა, რომელმაც ცხოველს სიმსივნე გაუნახევრა და კაცობრიობას კიბოსთან ბრძოლის ახალი იმედი მისცა. ინფორმაციას ავსტრალიური მედია ავრცელებს.
სიდნეელმა ტექნოლოგიურ მეწარმემ პოლ კონინგემა 2019 წელს ტყეში მიტოვებული როზი ცხოველთა თავშესაფრიდან აიყვანა. სტაფორდშირისა და შარპეის ეს უსაყვარლესი ნაჯვარი პოლის გვერდით იყო პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში და მისი განუყრელი მეგობარი გახდა. 2024 წელს ძაღლს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. როდესაც პატრონს უთხრეს, რომ როზის სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, (ტრადიციულმა ვეტერინარიამ -ქიმიოთერაპიამ და ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო) პოლმა დასახმარებლად ხელოვნურ ინტელექტს — ChatGPT-ს მიმართა.
პოლ კონინგემი, რომელსაც მონაცემთა ანალიზში 17-წლიანი გამოცდილება აქვს, მიხვდა, რომ სტანდარტული მეთოდები როზის ვერ უშველიდა. სწორედ ChatGPT-მ მიაწოდა მას იდეა, ეცადა იმუნოთერაპია. პოლმა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW) მეცნიერებს მიმართა და როზის დნმ-ის გაშიფვრა ითხოვა.
„მეცნიერები თავიდან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. გენეტიკური მონაცემების დამუშავება წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ მე მათ ვუთხარი, რომ ამას ChatGPT-ის დახმარებით თავად გავაკეთებდი“, — იხსენებს პოლი.
პროგრამისტმა გიგაბაიტობით გენეტიკური ინფორმაცია სპეციალური ალგორითმებით გაფილტრა, შეადარა ჯანსაღი და დაავადებული უჯრედები და შექმნა ზუსტი „ნახაზი“ ვაქცინისთვის.
ვაქცინის ფორმულა მზად იყო, თუმცა წინ კიდევ ერთი დიდი კედელი აღიმართა — ბიუროკრატია. ავსტრალიაში ექსპერიმენტული წამლის გამოყენება მკაცრად რეგულირდება. პოლს სამი თვე დასჭირდა და ყოველ ღამე ორ საათს უთმობდა 100-გვერდიანი დოკუმენტაციის მომზადებას, რათა ეთიკის კომისიისგან ნებართვა მიეღო. საბოლოოდ, ამერიკელი კოლეგების დახმარებით, მან იპოვა ვეტერინარი პროფესორი, რომელსაც უკვე ჰქონდა მსგავსი კვლევების უფლება.
უნივერსიტეტის RNA ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა პალ თორდარსონმა, პოლის მიერ მომზადებული ფორმულა გამოიყენა და შექმნა სპეციალური mRNA ვაქცინა — ზუსტად ისეთივე ტექნოლოგიით, როგორითაც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატები მზადდებოდა.
მკურნალობის შედეგი „მაგიური“ აღმოჩნდა: სიმსივნე ზომაში განახევრდა: დეკემბერში ჩატარებული პირველი ინექციების შემდეგ, ჩოგბურთის ბურთის ხელა სიმსივნე ორჯერ შემცირდა. ძაღლს ენერგია დაუბრუნდა: მომაკვდავი ძაღლი, რომელიც ძლივს გადაადგილდებოდა, რამდენიმე კვირაში პარკში კურდღლებს დასდევდა. ახალი შანსი: სხვა სიმსივნეები პრაქტიკულად გაქრა, როზის ბეწვმა კი კვლავ ბზინვარება დაიწყო.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ როზის შემთხვევა ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ პერსონალიზებული მედიცინა mRNA ტექნოლოგიით არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ მისი შექმნა მოკლე დროშიც შესაძლებელია.
„თუკი ეს ძაღლისთვის შევძელით, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ ადამიანებისთვის?“ — კითხულობს პროფესორი მარტინ სმიტი. როზის ისტორია გზას უხსნის ახალ კვლევებს, სადაც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური ვაქცინა დამზადდება.
პოლ კონინგემს ეს ბრძოლა ათობით ათასი დოლარი დაუჯდა, თუმცა ის ამბობს, რომ მისი საუკეთესო მეგობრის სიცოცხლე ყოველ ცენტად ღირდა. ახლა ის უკვე მეორე ვაქცინაზე მუშაობს, რათა დაავადება საბოლოოდ დაამარცხოს.











