რიჩარდ ბუკსტეიბერი — ადამიანი, რომელმაც 2007 წელს დაწერა წიგნი „ჩვენივე შექმნილი დემონი“ და 2008 წლის კრახი იწინასწარმეტყველა — კვლავ განგაშს ტეხს. The New York Times-ისთვის დაწერილ სვეტში ის ამტკიცებს, რომ მსოფლიო ისეთი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც შესაძლოა, წინა კრიზისზე ბევრად უფრო საშინელი აღმოჩნდეს.
ამჯერად ერთ სისტემაში დაძაბულობის ერთდროულად ოთხი კერა გადაიჯაჭვა: ხელოვნური ინტელექტი, კერძო დაკრედიტების $2-ტრილიონიანი ბაზარი, საფონდო ბირჟების არასტაბილურობა და სამხედრო საფრთხეები პლანეტის ორ წერტილში: ირანსა და ტაივანში.
ბუკსტეიბერი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ მთავარი საფრთხე არა ცალკეულ რისკებში, არამედ იმ სისწრაფეშია, რომლითაც დაძაბულობა ერთი კვანძიდან მეორეში გადაედინება.
ინვესტიციების კონცენტრაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიების ირგვლივ მას უკვე აგონებს იმას, თუ როგორ მიება ფინანსური სამყარო 2008 წლის წინ უძრავი ქონების ბაზარს. ირანთან კონფლიქტით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი დაარტყამს მონაცემთა დამუშავების ცენტრებს და გაზრდის AI-გიგანტების ხარჯებს, რაც გარდაუვალად აისახება საკრედიტო და საფონდო ბაზრებზე. თავის მხრივ, ტაივანის კრიზისი ნახევარგამტარების წარმოების პარალიზების საშიშროებას მოასწავებს.











