ევროკავშირის კონსერვატორებს სურთ კომისარ კოსს დაუსვან მწვავე შეკითხვები საიდუმლო პოლიციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე – გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ოთხშაბათს, ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი დაკითხონ იმ ბრალდებებზე, თითქოს, ათწლეულების წინ, ის ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა.
2024 წელს, პარლამენტში დამტკიცების მოსმენაზე, კოსმა უარყო ბრალდებები, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის დაზვერვის სააგენტოსთან თანამშრომლობდა. თუმცა, ბრალდებები კვლავ გაჩნდა გასულ კვირას, ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხარდაჭერით “ევროპის სახალხო პარტიიდან” – ეს არის ევროკომისიის პრეზიდენტისა და კოსის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, პოლიტიკური ოჯახი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კოსისკაბინეტმა კომენტარის შესახებ მოთხოვნას არ უპასუხა. თუმცა, ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა POLITICO-ს გასულ კვირას განუცხადა, რომ კოსმა გაიარა “შემოწმების ფართო და საფუძვლიანი პროცესი”, რომელიც აუცილებელია კომისრად დასანიშნად.
კომისრის ოფისთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ანონიმურად ისაუბრა, აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ შეტევას, რომლის მიზანია “ქულების მოპოვება სლოვენიის არჩევნებში”.
“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი მანფრედ ვებერი ამჟამად მოითხოვს, რომ კოსის საკითხი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დაისვას. ნებისმიერი მოსმენა გაიმართება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET), რომელსაც თავმჯდომარეობს დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტარი “ევროპის სახალხო პარტიიდან”. თავმჯდომარე და ჯგუფის კოორდინატორები წყვეტენ, დაგეგმონ თუ არა კომიტეტის მოსმენები. კოსი ორშაბათს AFET-ის მოსმენაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა მან თავისი გამოსვლა გააუქმა.











