პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი, ოფიციალური ვიზიტით აშხაბადში იმყოფება. ის გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმების განვითარებისათვის, ცენტრალური აზიისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, თურქმენეთის პარლამენტის, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებში პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობს.

ეკა სეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებულია ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო კონვენციებსა და ხელშეკრულებებს.

მისივე თქმით, საქართველო ეტაპობრივად ახორციელებს რიგ ცვლილებებს ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც ხელს უწყობს ქალთა უფლებების განმტკიცებას და მათ მიერ მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ მიიღო არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ემსახურება ქალთა უფლებების განმტკიცებას.

გამოსვლისას დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები და ეროვნული კანონმდებლობა აუცილებლად უნდა მოერგოს ქვეყნის ეროვნულ თავისებურებებს, უნდა ითვალისწინებდეს კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ პირობებს, რათა მან იმუშაოს და რეალურად შეუწყოს ხელი ქალთა უფლებების განმტკიცებას, მათი მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ქართულ კანონმდებლობაში სიტყვა გენდერი და გენდერული თანასწორობა შეცვალა ქალისა და მამაკაცის თანასწორობით, რაც უფრო ზუსტად ასახავს იმ შინაარსს, რაც ამ ტერმინში დევს. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ მოხდა ტერმინის – „გენდერი/გენდერული თანასწორობა“ ჩანაცვლება 16 საკანონმდებლო აქტსა თუ კანონში. მან აგრეთვე ისაუბრა პარლამენტში ქალთა და ბავშვთა კომისიის შესახებ და აღნიშნა, რომ კომისია მუშაობს ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური, აგრეთვე დემოგრაფიული უფლებების განმტკიცებაზე, ასევე ბავშვთა უფლებებზე, განსაკუთრებით თანამედროვე ციფრულ სამყაროში. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ადგილობრივ დონეზე შექმნილია საბჭოები, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა