პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – კიდევ კარგი, „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში მშვიდობიან დამხობაზე არ არის საუბარი

„ოპოზიციის ალიანსმა“ თუ ახლა აღმოაჩინა, რომ ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, საკმაოდ დააგვიანდათ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად არავის მიწოდება და არავისთან შეერთება არ სჭირდება.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ყოველთვის ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნავთ. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, მათ თუ ახლა აღმოაჩინეს, რომ ხალხთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, საკმაოდ დააგვიანდათ. არ მგონია, განსაკუთრებული ბრიფინგი სჭირდებოდეს იმის გაცხადებას, რომ თურმე ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

თარიღების დაანონსება კარგი პრაქტიკა არ არის. ეს თავადაც კარგად მოეხსენებათ, დანარჩენი გამოჩნდება. როგორც ვნახე, ასევე ამერიკაში ოპოზიციის ვიზიტის ანონსი იყო. რა თქმა უნდა, ურთიერთობები ყველასთან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუმცა ქართული პოლიტიკის ბედი საქართველოში უნდა წყდებოდეს, ქართველი ხალხი უნდა წყვეტდეს, საკუთარ მომავალს ვის ანდობს და ვის აირჩევს მომავალ ხელისუფლებად“, – განაცხადა შარაშიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა „ოპოზიციის ალიანსს“ საყოველთაო მობილიზების რესურსი, შარაშიძემ აღნიშნა, რომ ეს მათ ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

„ვნახოთ, ეს მათ ეფექტურობაზეა დამოკიდებული. 26 მაისთან ამ ღონისძიების დაკავშირება, სულ მცირე, ბადებს გარკვეულ კითხვებს, რატომ მაინც და მაინც 26 მაისი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, 26 მაისს ხალხს არავის მოწოდება არ სჭირდება იმისთვის, რომ ქუჩაში გავიდეს და საქართველოს დამოუკიდებლობა იზეიმოს.  სასურველი იქნებოდა სხვა თარიღის შერჩევა, სადაც პირდაპირ გაიზომებოდა მათი პირდაპირი კონტრიბუცია ამ თუ იმ აქციის ორგანიზებაში და არა ეს გაუგებრობა, რომელიც შესაძლებელია 26 მაისს მოხდეს. კიდევ კარგი, ამ შემთხვევაში მაინც არ არის მშვიდობიან დამხობაზე საუბარი. 26 მაისი სხვა მნიშვნელობის დღეა და ამას არავის ორგანიზება არ სჭირდება. ყოველი წლის 26 მაისს ხალხი თავად ორგანიზდება“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა