ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს. ხდება საზღვრების რეკონფიგურაცია დიდი ძალების მიერ და საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის საფუძველი ირყევა, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
პეტერ პელეგრინის თქმით, სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
მისივე განმარტებით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
„განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი თემა, რადგან ჩვენ მანამდე წავაწყდით საერთაშორისო სამართლის დარღვევებს. შეხვედრის განმავლობაში მოვიცავით ფართო სფეროები, სხვადასხვა თემის. ამჟამად ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს. ხდება საზღვრების რეკონფიგურაცია დიდი ძალების მიერ და საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის საფუძველი ირყევა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ხაზი გავუსვა და ბატონი პრეზიდენტი დავარწმუნო, რომ სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბრატისლავა და სლოვაკეთი გახლავთ ადგილი, სადაც შეიძლება, გადაწყვეტილებები ვეძებოთ. ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის, დიპლომატიისთვის, რომელიც საჭიროა, რათა შეიქმნას ნდობა ერებს და სახელმწიფოებს შორის. ეფექტური დიპლომატია და გულახდილი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, შევიმუშაოთ ხანგრძლივი გადაწყვეტილებები საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებით.
კარგად იცით, ერთ-ერთი პრიორიტეტი საერთაშორისო პოლიტიკაში გახლავთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. არიან ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ისინი მუშაობენ რეფორმებზე, რათა კრიტერიუმი დააკმაყოფილონ. მეორე მხრივ, გაფართოება რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, გააგრძელოს მოლაპარაკებები და ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ დაინახავს თავის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ გახსნილად განვიხილეთ აღნიშნული თემები ბატონ პრეზიდენტთან. დავარწმუნე პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი გახდა დიდი ევროპული ბაზრის ნაწილი და წევრი განვითარებული ქვეყნების ევროპული ოჯახისა“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე.
„მოხარული ვარ, რომ ინტენსიფიკაციას განიცდის ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე. საქართველოს კულტურის მინისტრი ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ტრენჩინში თებერვალში, მაშინ, როდესაც ხდებოდა აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ ქალაქი ტრენჩინი გამოცხადდა ევროპის კულტურის დედაქალაქად. ასევე, საქართველოს დიპლომატიური მისია ეწვია ბრატისლავას თებერვალში. მინისტრთაშორისო თანამშრომლობა, მნიშვნელოვანია ასევე საპარლამენტო ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონი პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრით, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგი გაღრმავდება. მოხარული ვარ და ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის ხორციელდება პირდაპირი ფრენები, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებაში. ასევე, ხდება ინტენსიფიკაცია პიროვნებათა შორის კონტაქტისა, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობისა, არა მხოლოდ ტურიზმის, ვაჭრობის, არამედ სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის.
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იზრდება ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები, მაგრამ ჯერჯერობით არასაკმარისად ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს. ვაჭრობა გვანახებს, რომ გვაქვს პოტენციალი ეკონომიკებში, გაცილებით უკეთესი პოტენციალი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დიდ პროგრესს მივაღწევთ ამ მიმართულებით. სლოვაკეთს შეუძლია, ბევრი რამ შესთავაზოს საქართველოს, განსაკუთრებით მწვანე ტექნოლოგიის, წყლის სფეროს მართვის და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მინდა, მოვუწოდო ბიზნესებს და მეწარმეებს სლოვაკეთიდან და საქართველოდან, უფრო მეტი ინტერესი გამოხატონ ამ რეგიონის მიმართულებით, უფრო აქტიური იყვნენ საინვესტიციო, პროექტების განხორციელების სფეროში.
გასულ წელს შეიქმნა სლოვაკეთსა და საქართველოს შორის მთავრობათაშორისო კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და მიმდინარე წელს პირველი შეხვედრა არის ჩანიშნული. საქართველო გახლავთ ერთ-ერთი პრიორიტეტი, მოხარული ვარ, რომ დღემდე სლოვაკეთმა განახორციელა 80 განვითარების პროექტი, რომლის ღირებულება სამი მილიონი ევროა. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვიღებთ სტუდენტებს საქართველოდან და ჩვენს სკოლებში ისინი იღებენ სამთავრობო სტიპენდიებს. მიმდინარე წელს გრანტების რაოდენობა იქნება უფრო მაღალი სტუდენტებისთვის საქართველოდან, ისინი მიიღებენ განათლებას ჩვენს უნივერსიტეტებში და მათი რიცხვი გაიზრდება. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა, რომ სლოვაკეთი მაღალ შეფასებას აძლევს ღია თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის, გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმაზე და ორმხრივ მხარდაჭერას ჩვენი კანდიდატურებისა. ჩვენ გავმართეთ შეხვედრა ნიუ იორკში და მადლიერი ვარ საქართველოსი, რომელიც მხარს უჭერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ჩვენს კანდიდატურას“, – განაცხადა პეტერ პელეგრინმა.
პეტერ პელეგრინის განმარტებით, მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი კიდევ ერთი სტიმული იქნება ორი ქვეყნის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის.
„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით სლოვაკეთის რესპუბლიკაში, დედაქალაქში. ძალიან დიდი მადლობა ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის, რომელიც გავმართეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები მიმდინარე ვითარებაზე სლოვაკეთში, საქართველოსა და ევროკავშირში. მოხარული ვიქნები, როდესაც თქვენი ვიზიტი კიდევ ერთი სტიმული იქნება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის. ვიმეორებ, ბრატისლავა გახლავთ ის ადგილი, სივრცე, სადაც მყარდება უკეთესი ურთიერთობები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მშვიდობის საკითხებზე. ძალზე მოხარული ვარ, რომ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს და გახსნილად ვიხილავთ შიდა პოლიტიკისა და მსოფლიო პოლიტიკის საკითხებს“, – განაცხადა პეტერ პელეგრინმა.











