პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმიანება ალიევის ვიზიტს საქართველოში და წერს საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ რეგიონში. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაურევლობამ მოიტანა ქვეყანაში მშვიდობა, რამაც, თავის მხრივ, უზრუნველყო „შუა დერეფნისა“ და სხვა პროექტების ფასი.
ჩიბურდანიძემ ხაზი გაუსვა დერეფნის მნიშვნელობას დასავლეთისთვისაც:
„შუა დერეფანი” უმნიშვნელოვანესი არტერიაა დასავლეთისთვისაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობა დღეს ამ არტერიას არ უნდა იჭრიდეს. იმედია, დარწმუნდნენ, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, თუკი ეროვნულ პოლიტიკას ატარებ და ხალხი მხარს გიჭერს“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური აღმავლობის გარდა, ქვეყანა სულიერი აღმავლობის გზაზეც დგას. მისი სიტყვებით, ქართული ეკლესიის ერთობა მალე მთელ მსოფლიოს გააოგნებს.
„ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი სწორედ ამ დროს, როდესაც მსოფლიო ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გზებს ეძებს, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არაფრის მომტანი იქნებოდა მშვიდობის გარეშე. ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და ახალ გეოპოლიტიკურ სახიფათო თამაშებში არჩარევამ, ფასი დაადო ჩვენს ადგილმდებარეობას და სწორედ ამის შემდეგ ფასობს „შუა დერეფნისა” და სხვა პროექტები. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა იქნებოდა დღეს საქართველოში, ამ რამდენიმე წლიანი შემოტევისთვის რომ არ გაგვეძლო და ქვეყანა სხვისი ინტერესების საჯიჯგნი გაგვეხადა. ეს ოპოზიციის და მათი დამკვეთების გეგმა იყო, რომელიც ვერც ახლა და ვერც ვერასდროს განხორციელდება, თუკი ქართველი ხალხი იქნება ფხიზლად. ისტორიის სწორ მხარეს დგომა ყოველთვის იძლევა იმ უდიდეს შანსს, რაც დღეს აქვს საქართველოს. ილჰამ ალიევის სიტყვები, რომ “შუა დერეფანი” მათთვის უმნიშვნელოვანესი არტერიაა, მთავარი გზავნილია ევროპა-დასავლეთისთვის.
“შუა დერეფანი” უმნიშვნელოვანესი არტერიაა ასევე მათთვისაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობა დღეს ამ არტერიას არ უნდა იჭრიდეს. იმედია, დარწმუნდნენ, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, თუკი ეროვნულ პოლიტიკას ატარებ და ხალხი მხარს გიჭერს. საქართველო დღეს ახალ ისტორიას წერს და ეს იქნება წინა პერიოდისგან რადიკალურად განსხვავებული ეპოქა. ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის გზას ვადგავართ, არამედ, სულიერისაც. მყარად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ქართული ეკლესიის ერთობა და ძალა მალე მსოფლიოს გააოგნებს. მართალია, ქართველებს ურთიერთმტრობა და ქიშპი არ ეშლებათ, მაგრამ ყველა გადამწყვეტ და კრიტიკულ სიტუაციაში ერი და ბერი ერთიანდება და გაჰყავთ ქვეყანა სამშვიდობოს. ასე მოხდა ბოლო უმძიმესი წლების განმავლობაში და ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ ქვეყანა საბოლოოდ არ დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო პოლიტიკაში” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.











