დემოკრატებმა გაიმარჯვეს ვისკონსინის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ადგილისთვის ბრძოლაში, ასევე მოიპოვეს გამარჯვება მილუოკის გარეუბნის, უოკეშოს მერის პოსტზე. ეს დასახლება ტრადიციულად რესპუბლიკელებს ანიჭებდა უპირატესობას და აქამდე მერის თანამდებობასაც რესპუბლიკელი იკავებდა. ამიერიდან კი ქალაქის მეთაური 36 წლის ალისია ჰალვენსლებენი იქნება.
სააპელაციო სასამართლოს 58 წლის მოსამართლის, კრის ტეილორის გამარჯვების შედეგად, შტატის უზენაეს სასამართლოში ლიბერალური უმრავლესობა ჩამოყალიბდა — 5 მოსამართლე 2 კონსერვატორის წინააღმდეგ.
გასულ წელს ილონ მასკმა მილიონობით დოლარი დახარჯა კონსერვატორი კანდიდატის მხარდასაჭერად და აცხადებდა, რომ სასწორზე დასავლური ცივილიზაციის ბედი იდო. თუმცა, მაშინაც სასამართლოში ადგილი ლიბერალებმა დაიკავეს.
ამავდროულად, Politico აღნიშნავს, რომ ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს არჩევნების მიხედვით რთულია წინასწარ განისაზღვროს მოახლოებული გუბერნატორის არჩევნების ან ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები. თუმცა, NYT ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უოკეშოს ოლქი რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიების ფორპოსტად ითვლებოდა ფედერალურ პოსტებზე ბრძოლისას და ამჟამინდელი შედეგები შესაძლოა მათ შერყეულ პოზიციებზე მიუთითებდეს.
ფოტოზე აღბეჭდილია კრის ტეილორი, მილუოკის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში გამარჯვებული.











