CENTCOM-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, 13 აპრილიდან ყველა გემი, რომელიც ირანის პორტებში შედის ან იქიდან გამოდის, დაიბლოკება. ამასთან, აშშ ხელს არ შეუშლის ნავიგაციის თავისუფლებას იმ გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლით არაირანული პორტებისკენ გადაადგილდებიან.
ამ მოვლენების ფონზე, WSJ-ის წყაროები იუწყებიან, რომ ტრამპი ირანის წინააღმდეგ შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს, რაც მოკავშირეების ჩართულობით შეზღუდულ დარტყმებსა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასაც გულისხმობს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაქჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-მა „ვერ მიიღო გაკვეთილი“. მისი თქმით, ისლამაბადის მოლაპარაკებებზე მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ვაშინგტონმა „თამაშის წესების შეცვლა და ბლოკადა“ ამჯობინა.
პარალელურად, მსოფლიო ბაზრების გახსნისთანავე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე 102 დოლარს გადააჭარბა.











