სოციალური ქსელები და მედია

მედიაკრიტიკა: ხუხაშვილმა საუბრის გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგან მისი პოზიცია გადაცემის წამყვანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

20 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „კვირის ფორმულას“ სპეციალურ გამოშვებაში არხის ჟურნალისტები Edison Research-ის კვლევებს განიხილავდნენ.

ექსპერტის რანგში ჩაერთო გია ხუხაშვილი, რომელმაც Edison Research-ის კვლევის შედეგების სრულფასოვნებაში შეიტანა ეჭვი.

სტუმრის მხრიდან დისონანსის შეტანამ იმდენად მძაფრი ფორმა მიიღო, რომ გია ხუხაშვილმა საუბრის გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგან ხუხაშვილის პოზიცია გადაცემის წამყვანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

გია ხუხაშვილი ცდილობდა განევითარებინა აზრი, რომ Edison Research-ის კვლევის სრული სურათის ნახვის გარეშე შეუძლებელია შედეგების ხარისხიანი ანალიზი, რადგან არ ჩანს კვალიფიციური კვლევისთვის დამახასიათებელი რამდენიმე კომპონენტი;

მათ შორის, კვლევის ისეთი დეტალები, როგორიცაა – დასმული კითხვების შინაარსი და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური სიმპათიების მქონე გამოკითხულთა რაოდენობა. ამის გარეშე კი შეუძლებელია საზოგადოების განწყობების სრული სურათის დანახვა, რადგან სწორედ ჩამოუყალიბებელთა პროცენტებისთვის ბრძოლა წარმოადგენს ანალიზის საფუძველს.

გადაცემის თანაწამყვანმა მიშა მშვილდაძემ აღიარა, რომ არხმა შედეგების გამარტივებული ვერსია გამოაქვეყნა, რათა მაყურებელს მარტივი დასკვნა გამოეტანა. ამისთვის წამყვანებმა უბრალოდ შეკრიბეს 5% და მეტი შედეგის მქონე ოპოზიციური პარტიების მაჩვენებლები, დაასახელეს ციფრი 36% და დაასკვნეს, რომ ოპოზიციის გაერთიანებული მაჩვენებელი მმართველი პარტიის მაჩვენებელთან (37%) მიახლოებულია, რაც ნიშნავს ხელისუფლების რეგრესს და ოპოზიციის პროგრესს. შემდეგ კი დაუშვეს, რომ უფრო მოკრძალებული მაჩვენებლების მქონე ოპოზიციური პარტიები თუ გაერთიანდებიან, მაშინ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

მიშა მშვილდაძის მიერ გამოთქმულ პოზიციას ხუხაშვილმა უწოდა „არითმეტიკა და არა ანალიზი“. ამ შეფასებამ და ხუხაშვილის ეჭვმა კვლევის სრულფასოვნებაში, აღაშფოთა წამყვანები.

გიორგი თარგამაძე: თქვენ უფრო კრიტიკულად ხართ განწყობილი შედეგების მიმართ, ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვენდოთ ედისონის კვლევის მეთოდებს, რომლითაც ეს ციფრები გამოდის…ედისონის კვლევები ყოველთვის ემთხვეოდა არჩევნების შედეგებს..

გია ხუხაშვილი: აქამდე ვამბობდით, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო, ჩამოვყალიბდეთ, ვენდობით თუ არ ვენდობით.

ნინო ჟიჟილაშვილი: არ გვინდა აუდიტორია შეცდომაში შევიდეს თქვენი ანალიზიდან გამომდინარე.

გია ხუხაშვილი: თქვენ გინდათ, რომ თქვენი აზრი დომინირებდეს და მე რატომღა მრთავთ ვერ გავიგე, ილაპარაკეთ ერთმანეთში.

გიორგი თარგამაძე: ჩვენ ხელს არ გიშლით, უბრალოდ გვინდა რომ ერთი აზრი ჩამოყალიბდეს.

გია ხუხაშვილი: შეიძლება ჯერ დავასრულო და მერე გამოთქვათ თქვენი ბრძნული აზრები? მე არ ვამბობ, რომ „ედისონი“ იტყუება. თუ გვინდა რეალური ანალიზი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენ ადამიანს არ უნდა ეს 2 ძირითადი პოლუსი. ეს არის მცდარი ანალიზი. საერთოდ არ დასმულა კითხვა, თუ რამდენ ამომრჩეველს არ უნდა არც ნაცი და არც ქოცი.

ნინო ჟიჟილაშვილი: თქვენ არასწორ ინფორმაციას აძლევთ ახლა აუდიტორიას. გინდათ თუ არ გინდათ, ამ კვლევის დისკრედიტაციას ეწევით ჩვენს ეთერში, ჩვენ ანალიზი გვინდოდა და გამოვიდა, რომ სულ სხვა მისიით აღმოჩნდით ამ ეთერში.

გია ხუხაშვილი: ვერ შედგა დღეს ჩვენი დიალოგი, ციფრებში ეჭვი არ შემაქვს, თქვენ ახლა დაჯექით და ერთმანეთში ისაუბრეთ.

გიორგი თარგამაძე: თუ თქვენ ასე თქვით, ჩვენ ძალადობას ვერ განვახორციელებთ…

მედიაკრიტიკა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,291 ნახვა