პოლიტიკა

მაია ბითაძე ოპოზიციას- თქვენდა სამწუხაროდ ქართველი ხალხი კვლავ ხედავს იმას, რომ თქვენ არც მშვიდობა გინდათ, არც ეკონომიკური წინსვლა გახარებთ, მარტო იმით ხართ დაკავებული, რომ თქვენი სამშობლოს დისკრედიტაციას ახორციელებთ

„ბოლო დღეებია დავიწყე რამდენიმე ტელევიზიის ყურება და შეუძლებელი იყო იმ ბოღმის, აგრესიის და ასევე შავი შურის მოსმენა, რომელიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მოდიოდა იმდენად, რომ რიგ შემთხვევაში ოპოზიციური არხების ჟურნალისტებიც კი გადარიეს. იმდენად დიდი ღვარძლი მოდიოდა მათი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ასრულდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება ევროკავშირში წევრობის განაცხადის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მაია ბითაძემ ასევე ოპოზიციის მისამართით აღნიშნა, რომ ისინი მუდმივად დაკავებულები არიან ადამიანების ბულინგით.

მისი თქმით, ოპოზიციას სწყინს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული ისეთი მასშტაბური ცვლილებები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და კანდიდატის სტატუსზე განაცხადი.

„ბატონ გიორგი ბოტკოველს ვეტყვი, რომ ჩვენ კი არ გვეშინია, თქვენ გეშინიათ და დღევანდელი თქვენი ყველას გამოსვლა თვალნათლივ ანახებდა იმას, რომ ხაზს აცდით. აღარ გაქვს სალაპარაკო რეალურად და ბატონ გიორგის ასევე ვურჩევ, რომ თქვენც გადართეთ ტელევიზიებზე, რომლებიც აშუქებენ ყველაფერს, რასაც მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ახორციელებს და გაეცანით იმ ვიზიტებს, რომელსაც ვახორციელებთ. მუდმივად დაკავებულები ხართ ადამიანების ბულინგით. ქმნით რაღაც ფორმატებს, რაც მახსენებს 1937 წელს, პლაშიანი კომუნისტები რომ დადიოდნენ და ხალხის მტრების სიას ადგენდნენ.

ოჯახებს აბულინგებთ. აბულინგებთ არამხოლოდ თქვენს თანამოქალაქეებს , არამედ ბევრი სახელმწიფოს კრიტიკა მოვისმინეთ დღეს იმიტომ, რომ ვიღაცები არ მოგწონთ, მაგრამ ის რაც თქვენ ვითომ მოგწონთ, ეს არის ევროკავშირის სახელმწიფოები, თქვენ იტყუებით. არაფერიც არ მოგწონთ. გწყინთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, ენერგეტიკული გაერთიანების წევრები სწორედ ჩვენი ხელისუფლების ხელში გავხდით, ევროკავშირთან დავიწყეთ ვაჭრობა და ახლა მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მე ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული“-აღნიშნა ბითაძემ. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის, ვინც რუსეთს მხარი დაუჭირა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო და „ქართული ოცნება“ არის ის, ვინც მხარი დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც მიემართა რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების კუთხით, მათ შორის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან მიმართებით.

„მარტო გარემოს დაცვის სფეროში 200-მდე სამართლებრივი აქტი და 11 საერთოდ ახალი კანონი მივიღეთ და წარმოდგენა არ გაქვთ რა კანონებია მიღებული და რა გვაქვს მისაღები. დგახართ და მაკა ბოჭორიშვილზე საუბრობთ ნიშნის მოგებით, ჩვენს გუნდზე, რომლებიც დღენიადაგ ვცდილობთ იმას, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გავაბათილოთ ის ბოდვა, რომელსაც ცდილობთ, რომ მათ თავზე მოახვიოთ. საბედნიეროდ ცალმხრივი არაფერია, ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა და ეს შეფასებებით ხდება ყველაფერი და არა ვიღაცის სურვილით ან არსურვილით. ქართველ ხალხზე რომ საუბრობთ, ქართველი ხალხის არჩეულია „ქართული ოცნება“ და თქვენდა სამწუხაროდ ქართველი ხალხი კვლავ ხედავს იმას, რომ თქვენ არც მშვიდობა გინდათ, არც ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა გახარებთ, მარტო დაკავებული ხართ იმით, რომ თქვენი სამშობლოს დისკრედიტაციას ახორციელებთ. ბოლო დროს ტელევიზიით ვისმენთ იმას, რომ თურმე თქვენ გვაიძულეთ ჩვენ, კანდიდატის სტატუსზე გაგვეკეთებინა განაცხადი. ძალიან დიდი ბოდიში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო სწორედ ეს. რა თქვენ გვაიძულეთ. თქვენ ცდილობდით ყველანაირად იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობა მოგეშალათ, დესტაბილიზაცია განგეხორციელებინათ და საერთოდ პარლამენტში არ შემოდიოდით. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის, ვინც რუსეთს მხარი დაუჭირა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო და „ქართული ოცნება“ არის ის, ვინც მხარი დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც მიემართა რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების კუთხით, მათ შორის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან მიმართებით. ასე რომ, ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ის, რომ არ შეგარჩენთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს ძირი გამოუთხაროთ, არ შეგარჩენთ იმას, რომ ათიათასობით საჯარო მოხელე, რომელიც დღენიადაგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ცდილობს, შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები, ეს რამენაირად დააკნინოთ და თუ ძალიან გაგიხარდებათ, როდესაც მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, შეეცადეთ პატრიოტული გრძნობა აამოქმედოთ და ჩვენთან ერთად იზეიმოთ ეს დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი“-განაცხადა მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,296 ნახვა