პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამ სტატიებში და რეზოლუციებში რამდენი ფული იყო გადახდილი, არა მხოლოდ ამერიკული FARA-ს საშუალებით გამოჩნდა, არამედ ეს დადასტურდა იმითაც, რომ სააკაშვილი დღეს არის ჯანმრთელი

„ახლა ის კარგად არის იმიტომ, რომ მან და მისმა მხარდამჭერებმა გაიგეს, რომ ამ მიზეზით ციხიდან ვერ გავიდოდა და პატიმარმა დაიწყო საკვების მიღება. უცებ აღმოჩნდა, რომ როგორც შეიძლება მოისყიდო და მოატყუო მთელი რიგი პოლიტიკოსები დასავლეთში და მედიასაშუალებები, ასე ვერ მოატყუებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრის მოსმენისას განაცხადა.

სუბარის თქმით, სააკაშვილზე მისი მხარდამჭერები და ლობისტები ისეთ დაავადებებს ასახელებდნენ, რომლებიც განუკურნებელია, ან ძალიან ძნელად იკურნება და დღეს უცებ აღმოჩნდა, რომ პატიმარი თავს კარგად გრძნობს, რითაც დადასტურდა, რომ მთელი ეს კამპანია იყო ერთი დიდი ტყუილი.

„ჩვენ ვისაუბრეთ ავადმყოფ პატიმრებზე და იმ მოპყრობაზე, რაც მათ ჰქონდათ წინა ხელისუფლების პირობებში. ჩემს წინა გამომსვლელმა [თინა ბოკუჩავამ] მთელი თავისი გამოსვლა მიუძღვნა ერთ კონკრეტულ პატიმარს – მიხეილ სააკაშვილს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთელი მისი გამოსვლა მიმართული იყო მათ უცხოელ მხარდამჭერებზე, რადგან საქართველოში ამ ტყუილებით ვერავის მოატყუებ.

აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემ მიერ დასმულ კითხვას – სააკაშვილი თავიდანვე იტყუებოდა, მთელი ეს პიარკამპანია და რეზოლუციები ფულის გადახდის სანაცვლოდ იყო შედგენილი, რაც გამჟღავნდა ამერიკული FARA-ს კანონის მეშვეობით, რომლის ანალოგის საქართველოში მიღების საშუალება არ მოგვცეს.

ამ სტატიებში, ამ რეზოლუციებში რამდენი ფული იყო გადახდილი, არა მხოლოდ ამერიკული FARA-ს საშუალებით გამოჩნდა, არამედ ეს დადასტურდა იმითაც, რომ სააკაშვილი დღეს არის ჯანმრთელი. არადა მას თითქოს ჰქონდა ის დაავადებები, რომლებიც განკურნებას არ ექვემდებარება

მაგალითად, განკურნებას არ ექვემდებარება დემენცია და იმ ფსიქიატრიულ დაავადებათა მთელი ნუსხა, რომელსაც ასახელებდნენ; ასევე, არ ექვემდებარება, ან ძალიან ძნელად ექვემდებარება კახექსია და მთელი რიგი ნოზოლოგიები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის და გასტროენტეროლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით სახელდებოდა. ახლა ის კარგად არის იმიტომ, რომ მან და მისმა მხარდამჭერებმა გაიგეს, რომ ამ მიზეზით ციხიდან ვერ გავიდოდა და პატიმარმა დაიწყო საკვების მიღება.

უცებ აღმოჩნდა, რომ როგორც შეიძლება მოისყიდო და მოატყუო მთელი რიგი პოლიტიკოსები დასავლეთში და მედიასაშუალებები, ასე ვერ მოატყუებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. აქ აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს სააკაშვილზე, რომ ის პოლიტპატიმარია. ხომ არ იცის ვინმემ, რატომ არ მიმართა მან სტრასბურგის სასამართლოს – პოლიტპატიმარი ვარ და გამათავისუფლეთო? იმიტომ, რომ იცის – სტრასბურგს ცრემლების არ სჯერა, სიკორსკისგან განსხვავებით.

აქ პოლონელი ევროპარლამენტარი სიკორსკი ახსენეს, თითქოს დიდი ავტორიტეტი იყოს. ეს ის ბატონი სიკორსკი არ არის, რომელზეც დასავლურ პრესაში წერენ, რომ დაახლოებით 100 000-ს იღებს ყოველწლიურად არაბული ქვეყნებიდან და ამას არ ასახავს თავის დეკლარაციაში? სწორედ ამიტომ უნდა ევროპარლამენტს იმ კანონის მიღება (რომელიც ჩვენთან რუსულ კანონად გამოაცხადეს და არ მიგვაღებინეს), რომ სიკორსკისნაირი ადამიანები ამხილოს, ვინ საიდან იღებს ფულს და რამდენად ლეგიტიმურია ეს ფული. ან კუბილიუსს რა უნდა დავუჯეროთ – ადამიანს, რომელიც თავის დროზე იყო გორბაჩოვის პარტიის წევრი და დღეს ვითომ დემოკრატიაზე გვესაუბრება.

სტრასბურგი არ არის მოსყიდული პოლიტიკოსების რიგში. ამიტომაც მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის არის პოლიტპატიმარი, მისი უფლებები ირღვევა, ან მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის დარღვეული და მიიღებენ პასუხს. ვერც ერთი ასეთი საქმე სტრასბურგში ვერ მიდის, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რა პასუხს მიიღებენ. ბოლოს მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმ ძალიან დიდი საქმისთვის, რასაც აკეთებთ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის“ – განაცხადა სუბარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,987 ნახვა