პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – კეზერაშვილის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის სახით კიდევ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს, რომელმაც აღიარა, რომ სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს

როდესაც ოლიგარქიაზე საუბრობენ თავად ოლიგარქები, ეს არის ძალიან სამარცხვინო ქმედება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რას ადასტურებს მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ მას „ტვ პირველისთვის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „მამუკა ხაზარაძემ აღიარა, რომ სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის კრიტერიუმებს“.

„კიდევ  ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს კეზერაშვილის შემდეგ, რომელმაც ასევე აღიარა. ვიცით, რომ კეზერაშვილს აქვს ფული, აღიარა და ვიცით, რომ აქვს მედია და ვიცით, რომ აქვს პარტია. ზუსტად იგივე გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი და სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს. კერძოდ, აქვს ფული, აქვს პარტია, აქვს მედია. ეს არის, რისი ლუსტრაციაც მოხდა. როდესაც ოლიგარქიაზე და ასე შემდეგ საუბრობენ თავად ოლიგარქები, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამარცხვინო ქმედება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ამ ოლიგარქიისა, „ლელოს“ სხვა პრობლემებიც აქვს.

„უპირველეს ყოვლისა, ამას წინადაც ვთქვი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არ უყურებს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც იყურება სხვა დედაქალაქებისკენ. ვნახეთ, როგორ ჰქონდათ მათ ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავს იწონებდნენ, რომ იქ აბეზღებდნენ ქართველებს, რომ სანქციები დაუწესონ ქართველებს, მოიცილონ კონკურენტები სხვისი ხელით, სხვა ქვეყნის ხელით მოიცილონ კონკურენტები, რათა სახელისუფლებო ბერკეტები მიიღონ. ეს არის სუფთა კომუნისტური, საბჭოთა აზროვნება, რომელიც, მათი წარსულიდან გამოდინარე, ალბათ საბჭოთა ნომენკლატურაში ყოფნიდან აქვთ მათ. ცენტრში რომ ჩადიოდნენ ადრე, ზოგიერთი ქართველი აბეზღებდა ქართველებს, რომ მოეცილებინათ თავიანთი კონკურენტები, პარტიული თუ სხვა კონკურენტები, და თვითონ გაეკეთებინათ კარიერა. მათთვის მოსკოვი დღეს შეიცვალა სხვა დედაქალაქებით. მიდგომა აქვთ ერთი და იგივე – იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ, მათი მანდატით გადაწყვეტილებები მიიღონ, არამედ მხარდაჭერასა და მანდატს ისინი ელოდებიან სხვა ქვეყნებიდან, სხვა დედაქალქებიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,851 ნახვა