პოლიტიკა

გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის.

კალანდია ინფორმაციის უარყოფას, მის შესახებ მასალის საიტიდან აღებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“ეს არის ცილისწამება, ეს არის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ყველაფერი ამის აღსადგენად და დასაცავად არსებობს სასამართლო. ამიტომ, მე სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ყველაფერ ამას წარვადგენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში გავიმარჯვებ”, – თქვა კალანდიამ „იმედის“ ეთერში.
კალანდია Mona.ge-ს მე-8 სიაში მოხვდა.

საიტზე კალანდიას შესახებ წერია, რომ ის მუზეუმებში თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას ნერგავს. კერძოდ, პირადად იბარებს მუზეუმების თანამშრომლებს, აფრთხილებს პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით. მაგალითად კი, მოყვანილია ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი, ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავა, რომელიც ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას.

Mona.ge-ს ავტორები პარტიები გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, პარტიებში აცხადებენ, რომ პლატფორმაზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც თავად გასცემენ ან თავად ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარდა ამისა, იმართებიან რუსული მეთოდებით.

ლიდერები ამბობენ, რომ ამ ადამიანთა პროფილებს შეარჩევს სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ეს სიები კი დიპლომატიურ მისიებს თუ საემიგრაციო სამსახურებს გადაეცემა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,198 ნახვა