პოლიტიკა საზოგადოება

განათლების დეფიციტი ოპოზიციაშია, ირაკლი კობახიძეს ეკონომიკასთან პრობლემა არ აქვს – ბექა დავითულიანი

ირაკლი კობახიძეს გააჩნია ის ინტელექტუალური შესაძლებლობები, რაც სჭირდება მთავრობას მეთაურს – ასე აფასებს Newshub.ge-თან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი  მისი გუნდის წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს. 

დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, პრემიერობის კანდიდატს ეკონომიკური განათლება არ აქვს, საფუძველს მოკლებულია. 

„ბატონი ირაკლის და მისი გუნდის წარდგენა გადაწყვეტილი იყო „ქართული ოცნების“ შიგნით, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ჩვენი მხარდაჭერა ექნება. ირაკლი კობახიძეს გააჩნია ის ინტელექტუალური შესაძლებლობები, რაც სჭირდება მთავრობას მეთაურს. მას აქვს გამოცდილება და იმის უნარი, მთავრობას ღირსეულად გაუძღვეს. ირაკლი კობახიძე არის პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანი, რომელიც შეძლებს, ეს ქვეყანა წარმატების გზაზე კიდევ უფრო აქტიურად გაიყვანოს. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ, ირაკლი კობახიძის მეთაურობით, მთავრობას და გვაქვს იმედი, რომ ეს, ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს.

ოპოზიციის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ განათლების დეფიციტია ზოგადად, არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით. ირაკლისთან კი ეს მონაცემი გვაქვს ჭარბად – ეკონომიკის ნაწილშიც პრობლემა არ არის, იმდენი კომპეტენცია ნამდვილად აქვს, რომ მენეჯერული ფუნქცია შეასრულოს ეკონომიკის ნაწილში. რაც შეეხება სამართალს და სხვა მიმართულებებს, ირაკლი კობახიძე ძალიან კარგად არის გარკვეული ყველა საკითხში და არც ეკონომიკასთან აქვს რაიმე პრობლემა“, – აცხადებს ბექა დავითულიანი. 

მისი თქმით, მთავრობა გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც უკვე გაწერილია ბიუჯეტის პროექტში.

„პრიორიტეტებს რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავად განაცხადა, რომ ეს იქნება ეკონომიკა, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და ევროინტეგრაცია. რაც შეეხება ისეთ დეტალებს, როგორებიცაა ორენოვანი სწავლება, მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის გაყვანა – ჩვენ უკვე დამტკიცებული გვაქვს ბიუჯეტი, ჩვენს გუნდს, მათ შორის ირაკლის, როცა ის იყო უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ბიუჯეტი არის მოწონებული და რაიმე არსებითი, რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდება, რადგან ის უკვე ქცეულია კანონად. შესაბამისად, ირაკლი ამ ბიუჯეტის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას და იმ პრიორიტეტებს, რომლებზეც მან ისაუბრა, წაიყვანს, როგორც მიაჩნია თვითონ ოპტიმალურად. რაც შეეხება ახალ პროგრამას, რომელსაც შემოგვთავაზებს ახალი პრემიერ-მინისტრი, ამას ალბათ უკვე  ვნახავთ წინასაარჩევნოდ“, – აცხადებს დავითულიანი. 

ბექა დავითულიანს არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციიდან მთავრობას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. 

„ოპოზიციონერი დეპუტატებიდან შესაძლოა, ევრო-სოციალისტებმა დაუჭირონ მხარი, ასეთი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, სხვებისგან მსგავსი მოლოდინი არ მაქვს” – განუცხადა სააგენტოს დეპუტატმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი დღეს პრემიერობის ახალ კანდიდატსა და ახალ მთავრობას დაამტკიცებს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,882 ნახვა