ოჯახის სიწმინდის დღეს, რადიკალი აქტივისტები მამუკაშვილი და აფრიამაშვილი თავს დაესხნენ დეპუტატ მარიამ ლაშხს, რომელიც შვილებთან და დედასთან ერთად კაფეში სადილობდა.
აქტივისტებმა დეპუტატ ქალს ბავშვების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მას შემდეგ, კი რაც ხალხმა კაფეს დატოვებისკენ მოუწოდა, მარიამ ლაშხისგან ითხოვდნენ, რომ გარეთ გასულიყო სალაპარაკოდ.
როგორც მარიამ ლაშხის დედა, ნანა ერგემლიძე ამბობს, თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავდაპირველად ვერ მიხვდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები…
„ოჯახის სიწმინდის დღეს, ქაშვეთში ვიყავით. მარიამის შვილები 2 და 4 წლის არიან. დაიღალნენ და შევიყვანე კაფეში, სადაც ვუყიდე წყალი და ვაჭმევდი ნამცხვრებს. როგორც ჩანს, დაინახეს მარიამი და თავზე დაგვადგნენ კივილით. მოგვიანებით, ტვ-პირველმა გაუშვა სიუჟეტი, თუმცა ის ამაზრზენი კადრები, როცა თავზე დაგვკივიან, რა თქმა უნდა, არ უჩვენებია.
კაფეში არ იყო ბევრი ხალხი, თუმცა ვინც იყო, ყველა მოვიდა დასახმარებლად. მათ შორის, მაკა ასათიანი და მისი თანმხლები პირები და მყვირალა აქტივისტებს მოსთხოვეს, რომ დაუყოვნებლივ გასულიყვნენ კაფედან“,-ამბობს ნანა ერგემლიძე
დეპუტატის დედა ამბობს, რომ მარიამ ლაშხი აუცილებლად შეიტანს საჩივარს და მოითხოვს ამ ამაზრზენი საქციელის ჩამდენთა დასჯას.
„წარმოგიდგენიათ? ბავშვების თანდასწრებით დედას თავს დაესხნენ, თან ხალხმა რომ ზრდილობისკენ მოუწოდა, მარიამს იქით ეუბნებოდნენ, ბავშვებს ნუ სტრესავ, გამოდი, გარეთ დაგველაპარაკეო, . მადლობა მინდა გადავუხადო კაფეში მყოფ ადამიანებს, რომლებიც გადაგვეფარნენ და არ დაგვტოვეს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს, ისეთი გამეცადინებულები იყვნენ. თან ოპერატორებიც ახლდათ. სხვათა შორის, ინციდენტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ოპერატორი მოვიდა , ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ ასეთი საქციელის მომხრე არ არის. “,-ამბობს ნანა ერგემლიძე.
