„მამაჩემი გადაყვა ჩემზე ნერვიულობას. ცოცხალი აღარ არის.“ – წერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე
„80 წლის დედაჩემს, რომელიც მძიმე ავადმყოფია, ვიღაც ნაბიჭვრები ურეკავენ და კვირაში ორჯერ პოლიცია აკითხავს სხვადასხვა მიზეზით. ჩემი ძმა და ცოლი გამოუშვეს სამსახურებიდან. ჩემს ძმას დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდა 6 ნაბიჭვარი ხელკეტებით. ჩემი სადარბაზოს წინ ყველა არჩევნებზე სისხლიანი ბანერებია გამოფენილი, რომელსაც ჩემი პატარა შვილები უყურებენ ყოველდღე. სპეცრაზმს ვყავარ გატაცებული და ჯგუფურად ნაცემი. ქუჩაში დამესხა თავს სუს-ის დაქირავებული ტიპი. ოთხჯერ გადავურჩი ჩასაფრებას, აქედან ორჯერ იარაღის გამოყენება, მათ შორის ერთხელ სროლა დამჭირდა. არცერთი ჯარიმა ნებით არ გადამიხდია. რამდენი დაკავება და ჯარიმა მაქვს, თვლას შევეშვი დიდი ხანია. ყველა ჩემი მეგობარი ბევრჯერ დანაჭერი და დაჯარიმებულია. მამრობითი სქესის პლიუს ნაცემი. რამდენიმე სისხლის სამართლის განაჩენს ელოდება. არცერთი ლარი ბიუჯეტიდან არ ამიღია და არავის ვალი არ აქვს ჩემ ოჯახს ამ სამყაროში რომ ამას ვაკეთებდე, რასაც ვაკეთებ.”
ზურაბ ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს. მისი თქმით,„თუ ყველა პოლიტიკოსს დააკავებენ, გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები. ყველა პოლიტიკოსია, ვინც ახლა ქუჩაშია და ვინც იბრძვის. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და რაც მეტი იქნება წინააღმდეგობა — მით უკეთესი.“
მისივე განმარტებით,„გირაოს არგადახდა თავიდანვე იყო ჩემი პრინციპული პოზიცია. ვამბობდი, რომ ამ მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ. ეს პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს კომისია არ არის კომისია, და რაც არ უნდა დაგავალონ — სისულელეა და არ უნდა გააკეთო.“
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 20,000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა და სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.