უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად 80 ადამიანი დაშავდა.
„სულ 80 ადამიანი დაშავდა – ყველას დახმარება გაეწია. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც“, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაზარალდა ტერნოპოლი, ლუცკი, კიევი და ასევე პოლტავის, ხმელნიცკის, ლვოვის, ჩერნიგოვის, ოდესისა და სუმის ოლქები.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველა არ გმობს უკრაინაზე შეტევებს და რუსეთი ამას ომის გასაგრძელებლად იყენებს.
„სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველა არ გმობს ასეთ შეტევებს. სწორედ ამას იყენებს პუტინი. ის დროს ყიდულობს, რომ ომი გააგრძელოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიამ უნდა იმუშაოს.
„უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს და მშვიდობა უნდა დამყარდეს. ამისთვის საჭიროა საწყისი ნაბიჯები, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთზე, ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს მოხდეს და შეტევები შეწყდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.