საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამართულ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გასულ ოთხ წელზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ამ წლებში, ყველაზე თვალსაჩინოდ გამოჩნდა ის საფრთხეებიც და გამოწვევებიც, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას და გამოჩნდა ისიც, თუ ვინ რას აკეთებს რეალურად ამ მხრივ.
“ევროკავშირთან ურთიერთობები და ის გამოცდილებაა განსაკუთრებით საინტერესო პოლიტიკურად და იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი. ალბათ წარსული გამოცდილება განაპირობებდა იმას, რომ მე, როგორც პარლამენტის წევრს, მეკავა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და ოთხი წლის განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, რაღაც წვლილი შემეტანა ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში, პირველ რიგში და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციაშიც.
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ეს ოთხწლიანი პერიოდი, განსაკუთრებით, იმ გამოცდილებით, სადაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა საფრთხეებიც, გამოწვევებიც, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყოველთვის იდგა, მაგრამ უფრო მეტად გამოჩნდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. კარგად გამოჩნდა, რა პროცესები მიდის საქართველოსთან დაკავშირებით და ვინ რას აკეთებს ამ პროცესში,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან სამწუხარო უწოდა ფაქტს, როდესაც კოლეგები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები ჰქვიათ, გამალებით იბრძვიან სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბოჭორიშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული.
„სამწუხაროა ერთი მხრივ, როდესაც ხედავ, რომ შენივე კოლეგები, შენს გვერდით მსხდომი ადამიანები, რომლებსაც ასევე ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები, გამალებით არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. ნამდვილად არ არის ეს სასიამოვნო სანახავი და არ ვიცი, როგორ შეიძლება ბედნიერებას გგვრიდეს.
ორ დელეგაციაში, რომლებსაც ვხელმძღვანელობდი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA PAC) დელეგაცია და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) დელეგაცია), იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველიც და შესაძლებლობაც, გარკვეული საქმიანობა განეხორციელებინათ, თუმცა, ეს საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.