განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მილოცვაშია აღნიშნული.
როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხვალ ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე განსაკუთრებულია.
„განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ.
ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას. მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი, არა მარტო საქარველოში, არამედ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს, სწორედ მისი ხსენების დღეა, – ვლაქერნობა.
როგორი მადლით აღსავსე დღეებია! როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!
ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ. წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნინულია პატრიარქის მილოცვაში.