უნგრეთმა სამი უკრაინელი სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინელ სამხედრო მეთაურებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო სამსახურში ძალადობრივ გაწვევაზე, რასაც ტრანსკარპატიელი უნგრელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სიიარტოს თქმით, საუბარია უკრაინის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსზე, ასევე დასავლეთის ოპერაციული სარდლობის მეთაურსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო სამმართველოს უფროსზე, რომლებსაც უნგრეთში ჩასვლა აეკრძალებათ.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბრიუსელში 15 ივლისს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ბუდაპეშტმა ამ ადამიანების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესების საკითხიც დააყენა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. უნგრეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ივნისის შუა რიცხვებში ტრანსკარპატიელი უნგრელი იოჟეფ შებეშტიენი ქუჩაში დააკავეს უკრაინელმა ძალოვნებმა, ძალით წაიყვანეს გაწვევის პუნქტში და სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მას არ სურდა ფრონტზე წასვლა. ის 6 ივლისს მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო სამი დღის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს. შებეშტიენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. უნგრეთში უკრაინის ელჩი ფიოდორ შანდორი 10 ივლისს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მისგან შებეშტიენის სიკვდილის შესახებ განმარტება მოითხოვეს. უკრაინამ კატეგორიულად უარყო უნგრეთის ბრალდებები. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობამ განაცხადა, რომ შებეშტიენი 6 ივლისს გარდაიცვალა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შედეგად და მას ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.