ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს სხვა ქვეყნების არჩევნების შესახებ აზრის საჯაროდ დაფიქსირება შეუზღუდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. კერძოდ, რუბიომ ამერიკელ ელჩებს მისცა ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, მათ აღარ უნდა გააკეთონ კომენტარი სხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობაზე.
შესაბამისი ინსტრუქცია ამერიკელ დიპლომატებს 17 ივლისს მიუვიდათ, სადაც აღნიშნულია, რომ სახდეპი არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებს აღარ გააკეთებს, არც სოციალურ მედიაში დაწერს, თუ ამის მკაფიო საგარეო პოლიტიკური ინტერესი არ იქნება.
„როდესაც უცხოურ არჩევნებზე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილია, ჩვენი გზავნილი უნდა იყოს მოკლე, ორიენტირებული გამარჯვებული კანდიდატის მილოცვაზე და, საჭიროების შემთხვევაში, საერთო საგარეო პოლიტიკური ინტერესების აღნიშვნაზე.
შეტყობინებებში არ უნდა იყოს გამოთქმული მოსაზრება საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის ან შესაბამისი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელჩები უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ ნეიტრალური განცხადებებით და განსხვავებული პოზიცია მხოლოდ მაშინ დააფიქსირონ, თუ ამის თანხმობას სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიიღებენ.