თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოში „ანაკლიის საქმეზე“ ხაზარაძე-ჯაფარიძის წაგებულ დავასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რამხელა ზიანი მიაყენეს ქვეყანას ჯაფარიძე-ხაზარაძემ.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პორტი „ლელოს“ ლიდერებმა ჩააგდეს. მაგრამ ის განცხადებები, რომელიც საარბიტრაჟო პროცედურის წაგებასთან დაკავშირებით კეთდებოდა „ლელოს“ წარმომადგენლების მხრიდან, გაცილებით უფრო მეტის თქმის საშუალებას გვაძლევს ამ პროცესზე, ვიდრე შეიძლება ეს წაგებული საარბიტრაჟო პროცესი. ე.ი. ისინი ამბობენ, რომ თურმე მამუკას და ბადრის კი არ უჩივლიათ ამ პროცესში, არამედ მათ პარტნიორს. რას გვეუბნება თავის მართლების ეს მცდელობა?! გვეუბნება იმას, რომ იმდენად ზუსტად იციან, რომ მტყუანი არიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ არც კი გარისკეს და არც კი სცადეს საარბიტრაჟო სასამართლოში გაესაჩივრებინათ. ის ფაქტი, რომ მათმა პარტნიორმა ეს ყველაფერი გააკეთა და წააგო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავად საქმე არის იმდენად თეთრზე შავი, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.
კიდევ ერთხელ დადასტურდა რამხელა ზიანი მოუტანეს ქვეყანას და სახელმწიფოს ამ უდიდესი პროექტის ჩაგდებით, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი „პასუხისმგებლობიანი“ ლიდერები ჰყავს „ლელოს“ და ვის უნდა ენდონ ადამიანები, მათ ამომრჩეველს ვგულისხმობ. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მათთვის ხელი შეეწყო სახელმწიფოს. კონსტიტუციაშიც კი ჩაიწერა ამგვარი ჩანაწერი. ეს ყველაფერი უნდა მომსახურებოდა იმას, რომ მათ გაადვილებოდათ ინვესტიციის მოპოვება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, თაღლითობის პიკია, როდესაც ანაკლიის პროექტის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით ვინმე იტყვის, რომ სახელმწიფოს რაიმე ბრალი მიუძღვის.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის პორტის საქმეზე“ დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს . მათ საქართველოს 6.5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ.