საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გ. კ. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნისა და აღების ფაქტს.
„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ჯამში, 2 ჰექტარი ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ გ.კ-მ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 1კვ. მეტრზე 20 აშშ დოლარი, საერთო ჯამში, 400 000 აშშ დოლარი, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი. გ.კ-ს განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება.
2025 წლის 5 სექტემბერს, გ.კ-ს მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ 400 000 აშშ დოლარიდან მას წინასწარ გადასცა ზემოთ ხსენებული თანხის ნაწილი – 80 000 აშშ დოლარი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
ხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მსგავსი ფაქტების გამოაშკარავებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კორუფციული ფაქტების გამოვლენა და ჩვენი სახელმწიფოს წარმატება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.