ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს საპატიმროებში ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის მიერ დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნის კომენტირებისას. როგორც სუბარმა აღნიშნა, კომისიის ხელთ არსებული მტკიცებულებები ადასტურებს როგორ ირღვეოდა საპატიმროებში ადამიანის უფლებები.
მისი თქმით, რეჟიმის მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებების ფონზე, სასაცილოა, როცა ბოლო თვეების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის (პოლიციელებზე თავდასხმის, პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების და სხვა ) დაკავებული პირები, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, უფლებების შელახვაზე საუბრობენ.
„ცხადია, ყველა თემას ვერ შევეხები, მაგრამ ნაცრეჟიმის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობას ნამდვილად ვერ ავუვლი გვერდს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ადამიანები, რომლებიც დააკავეს ბოლო თვეებში მიმდინარე აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის, პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების და სხვა მსგავსი ბრალდებების გამო, დღეს თავს აცხადებენ პოლიტპატიმრებად და ჩივიან ციხეში არსებულ „პატიმრობის გაუსაძლის პირობებზე“. ამასწინათ მოვუსმინეთ ერთ-ერთი ასეთ პატიმარს, რომელიც ჩიოდა, რომ საპატიმროში გაუსაძლისი პირობებია, რადგან 36 კვ.მ. ფართობის საკანში 6 პატიმარი მოთავსებული, ან 1 პატიმარზე „მხოლოდ“ 6 კვ.მ. მოდის. ევროსაბჭოს სტანდარტების მიხედვით, 1 პატიმარზე 4 კვ.მ. ფართობი ითვლება ნორმალურ სტანდარტად, თუმცა, გასაგებია რომ პატიმრობა არასდროს არაა მარტივი – არც მაშინ, როცა ერთ პატიმარზე 6 კვადრატული მეტრი მოდის და არც მაშინ, როცა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულების მთავარი ჩამდენი და ორგანიზატორი „ვივა მედის“ კლინიკაში, ოროთახიან პალატაში, კეთილმოწყობილ პირობებშია განთავსებული.
მაგრამ შევადაროთ ეს ყველაფერი იმას, რასაც ვისმენდით კომისიის სხდომებზე – როცა კარანტინში, პირველ სართულზე განთავსებულ უფანჯრებო კამერაში, 18 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 35-40 ადამიანი იყო განთავსებული მუდმივად და თითოეულ მათგანს რამდენიმე კვირის განმავლობაში უხდებოდა ამ პირობებში ყოფნა. კამერაში არ იყო საკმარისი ჰაერი, მაგრამ განსაკუთრებით უჭირდათ ავადმყოფებს, ამიტომ მათ რიგრიგობით აწვენდნენ ხოლმე საკნის კარებთან, რათა კარსა და იატაკს შორის არსებული მცირე ღრიჭოდან შემოსული ჰაერი ჩაესუნთქათ და ამით სიცოცხლე გადაერჩინათ. ამას ემატებოდა ისიც, რომ კარანტინიდან პატიმრები ყოველდღე გაჰყავდათ დერეფანში, სადაც მათ უსასტიკესად სცემდნენ, რაც, ბოლოს, მთავრდებოდა ე.წ. „კარანტინის დაშლით“, როცა პატიმრებს, საკნებში განაწილების წინა, გაატარებდნენ ე.წ. ცოცხალ დერეფანში, სადაც მათ ხელკეტებით სასტიკად სცემდნენამ დერეფანში ჩამწკრივებული ციხის ჯალათები.
უნდა გავიხსენო ნაცრეჟიმის ციხეების ჩვეულებრივი პრაქტიკა, როცა 30 კვადრატული მეტრი ფართობის საკანში 23 არასრულწლოვანი იჯდა – 0,7 კვადრატული მეტრი მოდიოდა თითოეულ ბავშვზე და ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში.
ან, როდესაც მე-5 საპყრობილეში, 40 კვადრატულ მეტრ საკანში, სადაც სულ 20 საწოლი იდგა, 120 ადამიანი იყო მოთავსებული და ეს გრძელდებოდა თვეებისა და წლების განმავლობაში. საკანში არ იყო ჰაერი, ღია საპირფარეშო ამავე სივრცეში იყო განთავსებული, კვება – უსაშინლესი, ავადმყოფი პატიმრების მკურნალობაზე კი ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია – მათ არათუ არ მკურნალობდნენ, უმეტეს შემთხვევებში უმძიმესი, ხშირად გადამდები დაავადებების მქონე პატიმრები არც კი გადაჰყავდათ სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათ ჩვეულებრივ საკნებში ტოვებდნენ ბოლომდე, სადაც ისინი გადასცემდნენ ამ დაავადებას სხვა პატიმრებს და ხშირად იქვე კვდებოდნენ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ვიცე-სპიკერი შეეხო ასევე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელების პრობლემას. „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ციხეებში, ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. პირველივე წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ანუ უკვე 2013 წელს, ეს რაოდენობა 60-მდე ჩამოვიდა. თურმე შესაძლებელი ყოფილა ამის გაკეთება, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ასეთი ნება არათუ არ არსებობდა, პირიქით, როგორც ქალბატონმა თეამ თქვა, ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებულ პატიმრებს თვეებისა და წლების განმავლობაში შეგნებულად ტოვებდნენ პატიმრებით გადაჭედილ საკნებში, რაც ხელს უწყობდა ამ დაავადების კიდევ უფრო მეტად გავრცელებას. ეს იყო წლები, როცა ტუბერკულოზი არამხოლოდ გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ციხეებში, არამედ საქართველო და უკრაინა სახელდებოდა, როგორც ევროპაში ტუბერკულოზის მთავარი გამავრცელებლები. უფრო ზუსტად, საქართველოს და უკრაინის ციხეებიდან გამოსული პატიმრები, რომლებიც შემდეგ ევროპაში წავიდნენ, იყვნენ ევროპაში ტუბერკულოზის მთავარი გამავრცელებლები. და ეს ყველაფერი იყო სააკაშვილის რეჟიმის შეგნებული და მავნებლური პოლიტიკის შედეგი. ქალბატონმა თეამ ისიც ახსენა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში „ცე ჰეპატიტის“ სკრინინგი არაფორმალური ბრძანებით აკრძალული იყო და შესაბამისად, არც არავინ ითვლიდა, თუ რამდენი ადამიანი კვდებოდა ამ დიაგნოზით. 2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და სკრინინგი ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ ყოველი მეორე პატიმარი, ანუ, 24 500 პატიმრიდან დაახლოებით 12 000 დაავადებული იყო „ცე ჰეპატიტით“.
ქალთა დაწესებულებაში ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალი იყო – დაახლოებით 60%. ყველა ეს პატიმარი, პრაქტიკულად, ნელი სიკვდილისთვის იყო განწირული. ესეც შეგნებულად ხდებოდა და მოდი, პირდაპირ დავარქვათ ამას სახელი – ეს იყო ქართველი ხალხის გენოციდისკენ მიმართული პოლიტიკა. დღეს ბევრს ლაპარაკობენ სასამართლოზე – არის თუ არა იგი თავისუფალი, რამდენად სამართლიანია და ა.შ.
ყველა საერთაშორისო კვლევით ჩანს, რომ დღეს ქართული სასამართლო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული და დამოუკიდებელია. და შევადაროთ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში: ცხრა წლის განმავლობაში, საშუალო გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა წლის განმავლობაში, პირველ ინსტანციაში იყო შემდეგი – ყველაზე მცირე – ერთი და ყველაზე ბევრი – 18 გამამართლებელი განაჩენი. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში, საშუალოდ, 18 000 – 20 000 სისხლის სამართლის საქმის განაჩენიდან, გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 0,01%-დან 0,1%-მდე მერყეობდა. მსგავსი დაბალი მაჩვენებლი არათუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში არ არსებობდა და არ არსებობს, არამედ, არ იყო საბჭოთა კავშირშიც კი უმძიმესი რეპრესიების დროს – 1937-38 წლებში. ნამდვილად არ შემისწავლია და არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება ჩრდილოეთ კორეის სასამართლოებში, მაგრამ მეეჭვება, რომ მის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაში მსგავსი რამ შესაძლებელი იყოს. ამას ემატებოდა კრიმინალური ავტორიტეტებით ციხეების მართვა – სააკაშვილის რეჟიმი თითქოს ებრძოდა ე.წ. კანონიერ ქურდებს და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მაგრამ, სინამდვილეში სწორედ მათი მეშვეობით იმართებოდა ციხეები, იმ აუტანელ წამებასთან და ცემა-ტყეპასთან ერთად, რასაც ყოველდღიური ჰქონდა ადგილი მაშინდელ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
როცა სახალხო დამცველი ვიყავი, კონკრეტული მაგალითებით, კონკრეტული გვარ-სახელებით მაქვს მაშინდელი პარლამენტის წინაშე წარდგენილი ინფორმაცია, როცა ციხის საავადმყოფოში, ე.წ. რეზბალნიცაზე, პირადად აღმოვაჩინე მსგავსი ტიპის [ანუ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი] პატიმარი, რომლის საკნის კარები შიგნიდან იკეტებოდა, ხოლო გარედან ამ კარებს საკეტი საერთოდ არ ჰქონდა; თუ როგორ ემსახურებოდა მას ორი ადამიანი, ჰქონდა მაცივარი, DVD და როგორ მართავდა ეს ადამიანი ამ დაწესებულებაში სიტუაციას. 2012 წლის შემდეგ კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, უფრო მეტი მტკიცებულება გამოჩნდა იმისა, რისი მოპოვებაც მანამდე შეუძლებელი იყო. მაგალითად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია წელიწადში ორჯერ კრებდა ყველა ციხიდან ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს მეექვსე დაწესებულებაში და იქ მათ ე.წ. კანონიერი ქურდები აძლევდნენ იმ დავალებებს, რომელსაც ციხის ადმინისტრაციისგან იღებდნენ,“ – განაცხადა სუბარმა.
მანვე ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა განსხვავებაა რეჟიმის პერიოდში არსებულ სასამართლოსა და ახლანდელ სასამართლოს შორის. „როდესაც სასამართლოებზე ვსაუბრობთ, ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი წევრებისგან თუ მხარდამჭერებისგან ხშირად ვისმენთ ბრალდებებს, თითქოს დღეს სასამართლო არ არის სამართლიანი, ხოლო განაჩენები არის ზედმეტად მკაცრი. თუ რამდენად სამართლიანია სასამართლო, ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობის მკვეთრი კლება, საიდანაც უმრავლესობა სახელმწიფოს გამარჯვებით მთავრდება, რაც შეეხება განაჩენთა სიმკაცრეს, რადგან მსგავსი ბრალდებები, როგორც წესი ნაცრეჟიმის ადეპტთაგან მოდის, იძულებული ვარ, შედარებისთვის გავიხსენო მაშინდელი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის რამდენიმე ტიპური შემთხვევა:
2012 წელს, როცა სასჯელაღსრულების მინისტრი გავხდი, ციხეში აღმოვაჩინეთ 17 წლის არასრულწლოვანი პატიმარი, რომელიც 14 წლის ბავშვი იყო, როცა დაიჭირეს. მას ბრალად ედებოდა მეზობლის კაკლის ხიდან კაკლის მოპარვა. სააკაშვილის ხელისუფლებამ არ დაიზარა, მოპარულ ნაყოფს ექსპერტიზა ჩაუტარა და დაადგინა, რომ მისი ღირებულება იყო 15 ლარი. და ამისთვის, მეზობლის ხიდან 15 ლარის ღირებულების კაკლის ქურდობისთვის (ენა არ მიბრუნდება, როცა ამ შემთხვევაში ტერმინ ქურდობას ვხმარობ, მაგრამ განაჩენში ასეა მითითებული) 14 წლის ბავშვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ ეს ბავშვი სასწრაფოდ გაათავისუფლა პატიმრობიდან.
მეორე, არანაკლებ დაუჯერებელი ისტორია შეეხება 65 წლის ქალს, 4 შვილის დედას, რომელიც სახალხო დამცველობის პერიოდში პირადად აღმოვაჩინე საპატიმროში. ამ ქალბატონს სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით მიუსაჯა 25 წელი. მართალია, ლაპარაკი იყო თაღლითობის 6 ეპიზოდზე, მაგრამ მის მიერ დაზარალებულებისთვის მიყენებული ჯამური ზარალი იყო 2700 ლარი. და ამ 2700 ლარის ზარალისთვის 65 წლის ქალს მიუსაჯეს 25 წელი, თუმცა ესეც არ აკმარეს და დამატებითი სასჯელის სახით დააკისრეს 17500 ლარის ოდენობის ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ და 2700 ლარის ანაზღაურება დაზარალებულებისთვის.
მესამე შემთხვევა 18 წლის ახალგაზრდას შეეხება, რომელსაც 18 წელი მიუსაჯეს 6 ცალი ნახმარი საბურავის ქურდობისთვის. ცხადია, ნორმალური სასამართლოს პირობებში ეს ერთი საქმე იქნებოდა, მაგრამ ნაცმოძრაობის „სამართალმა“ ის სამ ეპიზოდად ჩაშალა, რადგან ჩათვალეს, რომ ამდენ საბურავებს ერთიანად ვერ გაიტანდა მოპარვის ადგილიდან. შესაბამისად, თითოეული შესვლა ცალკე დასრულებულ დანაშაულად ჩაუთვალეს, დანაშაულები შეუკრიბეს და ასე გამოიყვანეს 18 წელი.
სააკაშვილის რეჟიმის ეს სისასტიკე და უსამართლობა შერწყმული იყო წარმოუდგენელი მასშტაბის ელიტურ კორუფციასთან. ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ რამდენიმე გვარის დასახელებაც საკმარისია: ელიტური კორუფციის კლასიკური მაგალითია სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ჯარისთვის განკუთვნილი თანხების მოპარვით გახდა მილიარდერი და ამ ფულს იგი დღესაც ახმარს საქართველოში არეულობის მცდელობებს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს; ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის წევრები – დედა, გიული ალასაინა, ბიძა – თემურ ალასანია და სხვები, რომლებიც მულტმილიონერები გახდნენ კორუფციის გზით ნაშოვნი ქონებით, მათ შორის სააკაშვილის მიერ მათთვის უსასყიდლოდ გადაცემული მრავალმილიონიანი სახელმწიფო ქონებების ხარჯზე,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.