ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ანჯელინა ჯოლის ჰკითხეს: „რისი გეშინია როგორც ხელოვანს და ამერიკელს?“
როგორც გამოცემა Variety წერს, მსახიობმა ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა, რომ ეს „ძალიან რთული შეკითხვაა“.
„მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლა მას ვერ ვცნობ. მე ყოველთვის ინტერნაციონალურ სამყაროში ვცხოვრობდი. ჩემი მსოფლმხედველობა თანასწორი, ერთიანი და საერთაშორისოა. ყველაფერი, რაც სადმე თავისუფლებასა და თვითგამოხატვას ზღუდავს ან ყოფს, ძალიან საშიშად მიმაჩნია. ახლა იმდენად სერიოზული დროა, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არაფერი დაუფიქრებლად არ უნდა ვთქვათ. ჩვენ ძალიან, ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ“, — დაასკვნა მსახიობმა.
სან-სებასტიანში ჯოლი ალის ვინოკურის ფილმს, „კუტიურს“, წარმოადგენს. ფილმი უკრაინელი, ფრანგი და სუდანელი გოგონების ისტორიებს აღწერს.