გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავაკისრე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი დაბარება. გერმანიისთვის, დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებმაც ქმედებებითა და რიტორიკით ეს გამოიწვიეს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ბლოკავენ. არ მომისმინეს. რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება“, – წერს პეტერ ფიშერი.
ცნობისთვის,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა, რომელსაც განემარტა, რომ, „ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში“.
ამასთან, პეტერ ფიშერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „გერმანიის ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“.