დიპ სტეიტის მიერ მართული ბიუროკრატია ბრიუსელში იმედია მალე ჩაბარდება წარსულს და ამიტომ, ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა გავუფუჭოთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დიახ – ელჩები თავხედები არიან, მაგრამ კიდევ უფრო თავხედები არიან მათი პატრონები, ხოლო ელჩები ანარეკლია მათი მთავრობების. ისინი კარგად აჩვენებენ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არიან მათი ქვეყნები და ამ მძიმე, აგენტურული მოცემულობის პირდაპირი გამოხატულებები არიან, საბოლოოდ კი ყველა ერთად აჩვენებს, თუ რა მძიმე დღეშია ევროპული ბიუროკრატია,- ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, წერს.
შათირიშვილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს დიპლომატებთან დაკავშირებით გონივრულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ ამ კურსით უნდა გააგრძელოს გზა საგარეო პოლიტიკაში, რათა არ გაფუჭდეს ქვეყანათაშორისი მრავალწლიანი ურთიერთობა.
„საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, რამეთუ გაცნობიერებული აქვს, რომ ელჩის ქმედება პირდაპირი ანარეკლია მისი ხელისუფლების, მისი მთავრობის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გონივრულია გადაწყვეტილება, რომ არ ხდება მათთან კონფრონტაცია და რადიკალური ზომების მიღება, რაც როგორც აღვნიშნე, არანაირ შედეგს არ მოიტანს გარდა იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს. საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივად უნდა გააგრძელოს მეგობრობა ქვეყნებთან. მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ დიპ სტეიტის მიერ მართული კონკრეტული მთავრობები და ქვეყანა, ამ ქვეყნის არაჩვეულებრივი ხალხი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაფუჭოთ ქვეყანათაშორისი მრავალწლიანი მეგობრობა“, – ვკითხულობთ წერილში.
წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი, რათა მაგალითი იყოს „დიპ სტეიტის“ მიერ „დაპყრობილი“ ქვეყნების ხალხებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ, როგორ უსამართლოდ გვექცევიან ბალტიისპირეთის მთავრობები, სკანდინავიის მთავრობები, როგორ უსამართლოდ იქცევა ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. უფრო მეტიც, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი დიპ სტეიტის მიერ „დაპყრობილი“ ქვეყნების ხალხებისთვის, თუ როგორ იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და რადგან ევროპაში საზოგადოების გამოფხიზლების მცირე, იმედისმომცემი ნიშნები იკვეთება, როდესაც ხალხი შეძლებს და გაათავისუფლებს საკუთარ ქვეყნებს დიპ სტეიტის მარწუხებისგან, მათ ბოდიში ექნებათ მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე, ხოლო ჩვენ ბოლომდე პირნათელი ვიქნებით“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.