პოლიტიკა

ვაკო თურნავა: ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, პატივი სცეს ამ არჩევანს, რომელიც არჩევნებზე იყო გამოხატული და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ძველ, ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება ბრიუსელთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკო თურნავამ, იტალიურ რადიოსთან “Radio Roma” ინტერვიუში, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია, არაკანონიერი გზებით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას.

„ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ორჯერ წააგეს არჩევნები. უარი თქვეს პარლამენტში მუშაობაზე და ახლა, როცა ხედავენ, რომ კანონიერი გზით ვერ ცვლიან ხელისუფლებას, ცდილობენ ამას ქუჩის აქციებითა და რევოლუციური სცენარებით მიაღწიონ. ყველაფერი, რასაც დღეს ამბობენ, თითქოს რაღაც კანონი არ მოსწონთ ან მთავრობა პრორუსულია, რეალურად მხოლოდ იმ მარცხის გადაფარვის მცდელობაა, რაც პოლიტიკურად განიცადეს.“ – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანია.

“⁠საქართველო ევროპაა. ჩვენც ვქმნიდით ევროპას, ქართული კულტურით, ხელოვნებით, ისტორიით, ქრისტიანობით… ასე რომ, ევროპისკენ სწრაფვა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მდგომარეობაა. ეს სულ ასე იყო და სულ ასე იქნება. საქართველო დღესაც აგრძელებს ევროპის შენებაში მონაწილეობას და ამას გააკეთებს ყოველთვის. იმიტომ, რომ ეს არის მისი ცივილიზაციური ბუნება.” – განაცხადა ვაკო თურნავამ.

როგორც თურნავამ განმარტა, ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე დაფიქსირებულ პოზიციას და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ურთიერთობების კვლავ ნორმალიზება.

“ბურთი საქართველოს მხარეს არაა. ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, პატივი სცეს ამ არჩევანს, რომელიც არჩევნებზე იყო გამოხატული. და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ძველ ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება. აქ ბრიუსელზე გვაქვს საუბარი, თორემ, იტალიასთან ყოველთვის კარგი კავშირები გვქონდა. ვაფასებთ ამ პარტნიორობას და ჩვენც იტალიის მთავრობის და ხალხის გვერდით ვდგავართ, საერთო ინტერესებისთვის.” – განაცხადა თურნავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა