თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აფასებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებითაც აქციისა და მანიფესტაციის ჩატარების რეგულაციები მკაცრდება. დეპუტატის განცხადებით, ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებები იყო საჭირო.
„შესაბამისი ჯარიმები იყო ამის თაობაზე, მაგრამ ამან ქმედითი საფუძველი არ მისცა ამ ადამიანებს, რომ შეეწყვიტათ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იმის გამო, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და სხვა ჯგუფები უხდიდნენ იმ ჯარიმებს, ანუ ამას პრევენციული მნიშვნელობა დააკარგვინეს. ეს კანონდარღვევის წახალისება იყო. აქედან გამომდინარე ამის თაობაზე უფრო ქმედითი ღონისძიებები იყო დასაგეგმი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
პარლამენტში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებები დღეს დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტით მკაცრდება აქციისა და მანიფესტაციების ჩატარების რეგულაციები.